პოლიტიკა
პარლამენტი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დადგენილების სამ პროექტს სექტემბრის ბოლომდე განიხილავს

 საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. საკანონმდებლო ორგანო 20 ივნისს, პარლამენტის სასახლის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დადგენილების სამ პროექტს სექტემბრის ბოლომდე განიხილავს.

როგორც საქართველოს პირველ არხს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განუცხადა, 20 ივნისის მოვლენები ძალიან მძიმე და ტრაგიკულიც იყო, რასაც პასუხის გაცემა სჭირდება.

მისი თქმით, განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხი ნაწილობრივ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ირაკლი კობახიძის გადადგომა და სხვადასხვა მოვლენა იყო, რაც განვითარდა.

საერთო ჯამში, ერთიანი პოლიტიკური შეფასება, რომელიც პარლამენტის მხრიდან უნდა გაკეთდეს, ჩვენც მიგვაჩნია, რომ საჭიროა. გასაგებია, რომ ოპოზიციისა და ჩვენი მოსაზრებები ერთმანეთს ვერ დაემთხვევა, შეუძლებელია, ამ საკითხებზე შევთანხმდეთ. მიგვაჩნია, რომ ოპოზიციის ორგანიზებით ის მძიმე მოვლენები მოხდა, რომელიც დღის მეორე ნახევარში განვითარდა და ტრაგიკული შედეგები გამოიწვია, თუმცა მანამდე პარლამენტის შეცდომით მოხდა, რაც უშუალოდ გავრილოვს შეეხებოდა. სამივე პროექტის კენჭისყრა და განხილვა მოხდება, დეპუტატები გადაწყვეტენ, რომელს დაუჭერენ მხარს და რომელს – არა. ჩვენი მოთხოვნაა, დადგინდეს, როგორც ძალის გადამეტების შემთხვევები და პასუხისგებაში მიეცენ ის პირები, რომელთა ქმედებებში ძალის გადამეტება იყო, მაგრამ ასევე გამოძიებული უნდა იყოს ის, რამაც ძალის გადამეტება გარდაუვალი გახადა. გამოძიების წარმართვა აუცილებელია ორივე მიმართულებით “, – განაცხადა ჩუგოშვილმა.