პოლიტიკა
უგულავას უფლებები იზრდება

giorgi_ugulava„საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის, რომელთა საფუძველზეც თბილისის მერის უფლებები იზრდება. კონკრეტულად კი, თბილისის მერი სახელმწიფო ქონების გაჩუქების უფლებას მიიღებს. მოქმედი კანონით, სადაც განსაზღვრულია თბილისის ხელმძღვანელობის უფლებამოსილებანი, ერთ-ერთი ფუნქცია არის „მთავრობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების გამართული საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და მათთვის ქონების გადაცემა“. ცვლილებების კანონპროექტის თანახმად კი, ამ მუხლის რედაქტირება მოხდება და ჩამოყალიბდება როგორც „მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირებისათვის ფინანსური სახსრებისა და ქონების საკუთრებაში გადაცემა“.

„საკუთრებაში გადაცემა“ – ეს ნიშნავს, რომ ქალაქის მერს უფლება ექნება, ქონება საკუთრებაში გადასცეს, ანუ გააჩუქოს. სახელმწიფო ქონების საკუთრებაში გადაცემის უფლება კი პრეზიდენტის ერთ-ერთი პრეროგატივაა, რაც სხვა პირს არ გააჩნია. ამ ცვლილების შემდეგ თბილისის მერი პრეზიდენტის უფლებით აღიჭურვება.