პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: უცნაური კვირა ...

 ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა ისეთ მოვლენებს, რომლებსაც მხოლოდ უცნაურს თუ ვუწოდებთ: ოპოზიციური პარტიების რამდენიმე ლიდერმა, მათ შორის ისეთებმაც, ვინც არაერთხელ დაექვემდებარა მკაცრ კრიტიკას საქინფორმის მხრიდან, საერთო მეგობრების მეშვეობით, მთხოვეს მე, ამ სააგენტოს მთავარ რედაქტორს, მათთვის ფარული კონსულტაცია გამეწია პოლიტიკური ექსპერტის სახით.

   მიუხედავად პირადი ანტიპათიისა, რომელსაც, ცნობილი მიზეზების გამო, მათი უმრავლესობის მიმართ განვიცდი, შეხვედრებზე დავთანხმდი, რადგან ინტერესი მწვავდა, თუ რა მოტივებმა აიძულა ისინი, გადაედგათ ასეთი უპრეცედენტო ნაბიჯი, თანაც - თითქმის ერთდროულად! სათქმელს გავუსწრებ და ვიტყვი, რომ ჩემთვის აქამდე არ არის ბოლომდე ნათელი, ეს უბრალო დამთხვევა იყო თუ არა და რა მიზანს ემსახურებოდა სინამდვილეში, თუმცაღა ვხვდები, რომ მათ არა მხოლოდ პოლიტოლოგის ანალიზი აინტერესებდათ...

   სიტყვას არ გადავალ და არ გავასაჯაროებ ჩვენი საუბრების შინაარსს, მით უმეტეს, რომ ჩემთვისა და პოლიტიკაში გათვითცნობიერებული მკითხველთა ფართო წრისათვის ისინი რაიმე სენსაციურს არ შეიცავდა. თუმცა, თუ ისინი ახლა ამ სტრიქონებს კითხულობენ, მინდა იმედი გავუცრუო - ჩემთან კონტაქტის დამყარება იმის იმედად, რომ წინასაარჩევნო პერიოდში კრიტიკას თავიდან აირიდებდნენ, ანდა მაქსიმალურად შეამსუბუქებდნენ, არ გამართლდა, მით უმეტეს, რომ პოლიტიკური თანამოაზრენი არასდროს ვყოფილვართ. ამიტომ, შემოვიფარგლები მხოლოდ რამდენიმე ზოგადი შენიშვნით, რისი გულისთვისაც, ფაქტობრივად, ამ სტრიქონებს ვწერ.

უსიამოვნო ნალექი - აი ის მთავარი შთაბეჭდილება, რომელიც, გამონაკლისის გარეშე, ყველა შეხვედრის შემდეგ დამრჩა, იმისდა მიუხედავად, რომ ეს ის პოლიტიკოსები იყვნენ, ვინც იდეოლოგიურ კურსს ატარებდნენ თავისი, საქართველოში ყველაზე ცნობილი, დიამეტრალურად განსხვავებული ორიენტაციის პარტიებისთვის. მსოფლიო პოლიტიკისა და ეკონომიკის პროცესების ელემენტარული ანალიზის აბსოლუტური უუნარობა, დღევანდელი დღის რეალიებისგან მოწყვეტა და მათ კონკურენტებთან შინაგან "ქართულ" დაკადაკაზე კონცენტრირება - ეს პროვინციალიზმი მაშინვე თვალშისაცემი ხდებოდა, როგორც კი იწყებდნენ თავიანთი ამოცანის ჩამოყალიბებას ისე, რომ ზედმეტი არ წამოეროშათ - თუ ბოლოსდაბოლოს, რა სურდათ ჩემგან.

   იმისათვის, რომ გახსნაში დავხმარებოდი, ვაქეზებდი მათთვის აშკარად ახალი ინფორმაციით, ზოგჯერ სენსაციური და სკანდალური ფაქტებით (რომელიც ყოველთვის როდი იყო უტყუარი), მეორეს მხრივ კი - მე მაპატიეთ! - იმის დემონსტრირებას ვახდენდი თითქოს, ნაკლებად გამეგებოდა “შიდაქართული” პოლიტიკური სამზარეულოსი, მათგან, მიმდინარე პროცესების შესახებ, ახალი ინფორმაციის მიღების იმედით.

   თუმცა რაც შევიტყვე, ჩემთვის ან ახალი არ იყო, ანდა არ მაინტერესებდა, რადგან არავითარ როლს არ თამაშობდა საქართველოს მომავლისთვის. რაკიღა ცნობილ ქართველ პოლიტიკოსთა მხრიდან ვერც უახლოესი მომავლის მკაფიო ხედვა მოვისმინე და შექმნილ სიტუაციაში ვერც მათი როლისა და დაგეგმილი თანმიმდევრული ნაბიჯების შესახებ მკაფიო პოზიცია ვერ დავინახე, იძულებული გავხდი პატარა მასტერკლასი ჩამეტარებინა მათთვის და შევთავაზე ეპასუხათ უფრო გლობალურ კითხვებზე, მაგალითად:

- რით ახსნიან "არათანმიმდევრულობას" დონალდ ტრამპის პოლიტიკაში, რომელიც ხან ლანძღავს ევროკავშირს მაგისტრალური მილსადენებისა და რუსეთთან მათი დამაკავშირებელი სხვა ეკონომიკური პროექტების გამო, და ხანაც, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებს აყალმაყალს უმართავს იმის გამო, რომ G7- ზე პუტინის მიწვევის წინააღმდეგი არიან - კვლავ „რვიანად“გადაქცევისათვის?

 - რატომ საუბრობს ტრამპი, როგორც აშშ-ს არცერთი სხვა პრეზიდენტი, ძალიან დადებითად და პატივისცემით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე და, ამავდროულად, რატომ აცხადებს ამერიკა უპრეცედენტო სანქციებს რფ-ის მიმართ - ერთიმეორის მიყოლებით?

- ან კიდევ: მოსკოვმა უფრო მოიგო თუ თუ წააგო აშშ-ის კამპანიით რუსეთის მოკავშირის - ირანის წინააღმდეგ, რომელიც ავტომატურად ზრდის ნავთობის ფასებს? და რატომ ირჩევს ტრამპი რიგრიგობით ერთ „მტერს“- ხან რუსეთს, ხანაც - ჩრდილოეთ კორეას, ახლა - ჩინეთს, მაგრამ არასოდეს - რამდენიმეს ერთდროულად?

და სხვა ამდაგვარი კითხვები, თუმცა, როგორც მკითხველი მიხვდა, დამაკმაყოფილებელი პასუხი მათზე არ მიმიღია, ხოლო ამ მოვლენების საქართველოსთან დაკავშირება, მათი გათვალისწინება ჩვენი მოკრძალებული სახელმწიფოს მომავალი კურსის შემუშავებისას, მსოფლიო არენაზე ზესახელმწიფოების შერკინების გათვალისწინებით, აშკარად მათი ინტელექტუალური შესაძლებლობების მიღმა აღმოჩნდა.

     რატომ მოვყევი ახლა ეს ყველაფერი? იმიტომ, რომ ამ შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა: საქართველოში დიდი ხანია დადგა ახალი გაბედული პოლიტიკოსებისა და აქტიური მოქმედებების დრო, რადგანაც მთელი არსებული პოლიტისტებლიშმენტი უტილში ჩამოსაწერია პროფესიული უმაქნისობის გამო.

2019 წლის 28 აგვისტო
საქართველო, თბილისი