საზოგადოება
8 სექტემბერს აფხაზეთში "საპრეზიდენტო არჩევნების" მე -2 ტური გაიმართება

 საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. ოკუპირებულ აფხაზეთში 25 აგვისტოს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. „საარჩევნო უბნები“ 20:00 საათისთვის დაიხურა. საოკუპაციო რეჟიმი ამბობს, რომ „არჩევნები“ ჩატარებულად ითვლება, რადგან მოსახლეობის აქტივობამ 50%-ს გადააჭარბა.

ე.წ. პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძოდა და მათ შორის მოქმედი „პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონში 35 „საარჩევნო ოლქი“ და 152 უბანი იყო გახსნილი.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში 21 ივლისს უნდა გამართულიყო, თუმცა მაისში „ოპოზიციონერი კანდიდატის“ ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, „ოპოზიციამ“ ე.წ. კენჭისყრის გადადება მოითხოვა. ბჟანიას მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ის მოწამლეს.

ეს რიგით მეშვიდე ე.წ. არჩევნებია, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიმართა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა გაავრცელა.

პრეზიდენტობისთვის ცხრა კანდიდატი იბრძოდა და მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმათა 50 პროცენტი. რეგიონში მეორე ტური გაიმართება, სადაც ერთმანეთს ამჟამინდელი ე.წ. ლიდერი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციონერი ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან.