პუბლიკაციები
„ნეტარი“ სალომე (საქინფორმი)

 საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. „მჯერა, რომ დადგება დრო, როდესაც აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ერთიან სახელმწიფო სივრცეში მშვიდობიანად დაბრუნდება. ჩემი უმთავრესი სურვილი და უდიდესი მიზანია, ეს მოხდეს უახლოეს მომავალში, ჩემი პრეზიდენტობის ვადაში, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა გზას და საშუალებას“, - დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე თავის მეორე (თუ პირველ?!) სამშობლოში - საფრანგეთში გამგზავრების წინ.

ნეტარ არიან მორწმუნენი” - საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მას შემდეგ მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან და მათ დიდი ხანია აღარ აქცევს ყურადღებას საქართველოს ხელისუფლებაცა და ქართული ოპოზიციაც. ქართველი ხალხი კი, მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, შეეგუა, რომ 5 წელზე მეტხანს მოუწევს პრაქტიკულად უფუნქციო სახელმწიფო ჩინოვნიკის შენახვა, თანაც - აპარატთან, რეზიდენციასა და სტუმებისთვის განკუთვნილი სასახლესთან ერთად, რომელიც მას „მემკვიდრეობით“ ერგო სააკაშვილისგან.

ასევე ყველაზე დიდი უბედურება როდია, რომ იგი ხშირად იფრენს თავის მშობლიურ პარიზში, სახელმწიფო სახსრებით, გამოგონილი საბაბებით, როგორც დღეს - ბიზნეს-ლიდერების ფორუმის გახსნაზე (?!).

მთავარი ის არის, რომ არ აკეთოს არაორდინარული განცხადებები, რომლებსაც, საქართველოსგან განსხვავებით, დიდ ყურადღებას აქცევენ საზღვარგარეთ, კერძოდ, რუსეთში. მაგალითად,მიმდინარე წლის 20 ივნისს გავრილოვის დელეგაციასთან დაკავშირებულ ინციდენტს ეგებ უკვალოდაც ჩაევლო, მოსკოვში რომ არ შეემჩნიათ საქართველოს პირველი პირის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთი საქართველოს მტერია”, რის შემდეგაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პასუხის გაცემა მოუხდა საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტითა და რუსი ტურისტებისთვის რეკომენდაციის მიცემით - დროებით თავი შეიკავონ რუსთაველის სამშობლოში სტუმრობისგან...

საქინფორმის რედაქცია