საქართველო, 26 აგვისტო, საქინფორმი. ალექსანდრე ლუკაშენკო მზადაა კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს ურთიერთობა ოფიციალურ თბილისთან. ამის შესახებ მან საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას ისაუბრა, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“.
„მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა პოსტსაბჭოურ რესპუბლიკასთან, არ ვყოფთ მათ ცუდებად და კარგებად“, - მოჰყავს სახელმწიფო მეთაურის სიტყვები მის პრესსამსახურს.
ამასთან, ბელარუსის ლიდერმა აღნიშნა, რომ პარტნიორებთან მუშაობის პროცესში პრობლემებისა და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, ისინი მშვიდად და მოთმინებით უნდა მოგვარდეს. როგორც ბელარუსის პრეზიდენტმა მამუკა ბახტაძეს განუცხადა, სწორედ ასე იქცევა ბელარუსი პოსტსაბჭოური სივრცის სხვა სახელმწიფოების მიმართ.
„ამ მხრივ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ჩვენ დაჟინებით, მოთმინებით (თუმცა ეს პერიოდი უკვე გავიარეთ) გავაღრმავებთ ურთიერთობას ბელარუსი და ქართველი ხალხის სასიკეთოდ“, - ხაზი გაუსვა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
მისი აზრით, ორ ხალხს მეგობრობა და განსაკუთრებული ურთიერთობა აერთიანებს. ბელარუსში ბევრი ქართველი ცხოვრობს და მათი დღესასწაულების შესახებ „ყველა სოფელში იციან“.
საქართველო ბელარუსის მადლობელია
მამუკა ბახტაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ კარიერის დასაწყისში მუშაობდა როგორც კერძო სექტორში, ისე საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელად. ამიტომ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად ხშირად უწევდა ბელარუსში ყოფნა.
„ჩვენი ვაჭრობის ციფრი ახსენეთ. დიახ, ნულიდან დავიწყეთ. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ მის გაორმაგებას შევძლებთ: ჩვენი მთავრობათაშორისი კომისია ძალიან ეფექტიანად მუშაობს“, - განაცხადა ბახტაძემ.
მისი სიტყვებით, ბელარუსი ლიდერის ვიზიტმა საქართველოში 2015 წელს სერიოზული იმპულსი მისცა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის განვითარებას.
მამუკა ბახტაძემ ბელარუსის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერისთვის.
„ქართველი ხალხი ამას არასოდეს დაივიწყებს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.
ალექსანდრე ლუკაშენკომ საპასუხოდ აღნიშნა, რომ ასეთ პოლიტიკას ბელარუსი პრინციპულად ატარებს ნებისმიერი ქვეყნის მიმართ.
„ასეთი რამ ნებისმიერ სახელმწიფოს შეიძლება დაემართოს და ეს დაუშვებელია“, - ხაზი გაუსვა მან.
დიდი პოტენციალი
ბელარუსის ნაციონალური კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკომ საქართველოს პრემიერ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ქვეყნებს სავაჭრო ბრუნვის გაზრდის, ასევე ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების დიდი პოტენციალი გააჩნიათ.
„ჩვენი სავაჭრო ბრუნვა 200 მილიონამდე უნდა გავზარდოთ“, - განაცხადა ანდრეიჩენკომ.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსი დაინტერესებულია ტრადიციული ქართული საექსპორტო საქონლის - მინერალური წყლის, ალკოჰოლური სასმელების, ხილისა და ბოსტნეულის იმპორტით.
ანდრეიჩენკომ ცალკე ისაუბრა ქართულ კონიაკზე და აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა ამ სასმელის იმპორტითაცაა დაინტერესებული.
„ბელარუსში არსებობს საწარმოები, რომლებიც ქართულ კონიაკს ასხამენ და ამჟამად ბელარუსში არსებული კონიაკის მესამედი ქართულია“, - აღნიშნა მან.
ბელარუსის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერმა ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსი დაინტერესებულია ასევე საწარმოების შექმნით, რომლებიც ქართულ ხილსა და ბოსტნეულს გადაამუშავებდნენ.
საქართველო-ბელარუსის ურთიერთობა
საქართველომ და ბელარუსმა დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წელს დაამყარეს. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა აქტიურად განვითარდა 2015 წლის შემდეგ, როდესაც ლუკაშენკო პირველად ეწვია თბილისს ოფიციალური ვიზიტით.
ქვეყნებს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. თბილისსა და მინსკს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლაა. საქართველოს საელჩო მინსკში 2008 წლიდან ფუნქციონირებს. 2016 წლის დეკემბერში კი გაიხსნა ბელარუსის საელჩო თბილისში. პირველ ელჩად მიხეილ მიატლიკოვი დაინიშნა.
ბელარუსულ პროდუქციაზე საქართველოში დიდი მოთხოვნაა. თბილისი წლიდან წლამდე ზრდის ბელარუსში საქონლის ექსპორტს. 2018 წელს საქართველომ ბელარუსში 28 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა, ბელარუსიდან იმპორტმა კი 58 მილიონი დოლარი შეადგინა.