აქტუალური
ჯავახეთში განხორციელებულმა ინვესტიციებმა ერევანი შეაშფოთა

javakhetiსომხური არასამთავრობო ორგანიზაცია „მიტკი“ ოფიციალურ ერევანს და სომეხ მეწარმეებს ურჩევს, საქართველოში ინვესტიციები არა აჭარაში, არამედ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში განახორციელონ. ამის მიზეზად სომეხი ექსპერტები აღნიშნულ რეგიონში თურქული და აზერბაიჯანული კომპანიების გააქტიურებას ასახელებენ და შიშობენ, რომ ეს რეგიონის მუსულმანიზაციას გამოიწვევს, რაც სომხეთს გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის. „დღეს სომეხი მეწარმეები დაინტერესებულნი არიან, რომ ინვესტიციები საქართველოს ზღვისპირა ქალაქებში – ბათუმსა და ქობულეთში ჩადონ. მეწარმეებს უნდა ესმოდეთ, რომ მათთვის ერთადერთი და საიმედო გზა დანარჩენ მსოფლიოსთან დასაკავშირებლად ჯავახეთის რეგიონია, სადაც მუსულმანური ელემენტები მუდმივად აქტიურდებიან. მოვლენების ასეთი განვითარება, პირველ რიგში, ეწინააღმდეგება სომხეთის ხელისუფლების ინტერესებს“, – აცხადებს ექსპერტი ვაგე სარქისიანი. იგი მთავარ პრობლემად ჯავახეთში მიმდინარე რამდენიმე პროექტს ასახელებს. მათ შორის, ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ფარავნის ტბასა და მტკვარზე, ასევე, სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციას. მისი თქმით, ყველა ამ მნიშვნელოვან პროექტს სწორედ თურქული და აზერბაიჯანული კომპანიები ახორციელებენ.