საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. ჰონდურასმა შესაძლოა, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს. საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნის მთავრობასთან ნოტების გაცვლის გზით მოლაპარაკებების გამართვა იგეგმება.
საუბარია ორდინალური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლებაზე.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ჰონდურასის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა ახლაც უვიზოდ შეუძლიათ. საქართველოს მოქალაქეებისთვის კი, სავიზო რეჟიმი მოქმედებს. შესაბამისად, მოლაპარაკებათა წარმატებით დასრულების შემთხვევაში, სავიზო პროცედურა სწორედ საქართველოს მოქალაქეებისთვის გამარტივდება.
საქართველოსა და ჰონდურასს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2011 წელს დამყარდა. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის მონაცემებით, საქართველოს ჰონდურასის 26 მოქალაქე ესტუმრა.