საზოგადოება
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

სექტემბრის დასაწყისში მე პირადად მომლაპარაკებელ გუნდთან ერთად ვგეგმავ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლას. იქ გვექნება შეხვედრა ორ წამყვან ავიაკომპანიასთან, რომლებიც, ვვარაუდობთ, რომ დაინტერესდებიან საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყებით და ველოდებით, რომ „რაინეართან“ მოლაპარაკების მსგავსად, რომელიც ძალიან მოკლე ვადებში დავასრულეთ, ასევე წარმატებით დავასრულებთ ამ მოლაპარაკებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის ინფორმაციით, უკვე ჩატარებულია შესაბამისი კვლევაც.

ჩვენ საკმაოდ დეტალური კვლევა განვახორციელეთ, რომელმაც დაადასტურა, რომ პირდაპირი ფრენები საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში არის მიმზიდველი. ეს არის არა მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული ამოცანა, რადგან აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და პირდაპირი ფრენების დაწყება იქნება ძალიან ნათელი, ცალსახა პოზიტიური პოლიტიკური მესიჯი, ასევე ეს იქნება კომერციულად მიმზიდველი კომპანიებისთვის, ვინც ამას მოკიდებს ხელს. ეს უკვე პირველი ძაიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ჩვენ შემდგომ მოლაპარაკებებში დაგვეხმარება”, – აღნიშნა მინისტრმა.