სამართალი
ავთანდილ წერეთელი მზად არის, პროკურატურაში 29 აგვისტოს, საქართველოში დაბრუნებისთანავე გამოცხადდეს - ვახტანგ წერეთელი

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს, საქართველოში დაბრუნებისთანავე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ავთანდილი წერეთლის შვილი,“ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი წერს.

მისი განმარტებით, პროკურატურასთან შედგა კომუნიკაცია, ფორმალობებს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი კახა წერეთელი მიხედავს.

მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი სცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?! კიდევ ერთხელ გეუბნებით - „ტვ პირველს“ ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა - მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა - ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში“, -წერს ვახტანგ წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".