სამართალი
ავთანდილ წერეთელი დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობას უარყოფს და აცხადებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს არ დახმარებია

 საქართველო, 23 აგვისტო, საქინფორმი. ავთანდილ წერეთელი პროკურატურის მიერ მისთვის წაყენებულ ბრალს დაუსაბუთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ არანაირ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. ამის შესახებ ბიზნესმენის ადვოკატმა კახა წერეთელმა განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, ავთანდილ წერეთელი ამ ეტაპზე ქვეყანაში არ იმყოფება, თუმცა დაბრუნების შემდეგ, საგამოძიებო უწყებაში მისვლას გეგმავს.

ავთანდილ წერეთელი ქვეყანაში არ იმყოფება, თუმცა ჩემთვის მისი პოზიცია ცნობილია. მას მიაჩნია, რომ ბრალდება არის დაუსაბუთებელი, მას არანაირ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია და არავის დახმარებია. როდესაც ჩამოვა საქართველოში, დაუყოვნებლივ გამოცხადდება სამართალდამცავ ორგანოში“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ბიზნესმენის ადვოკატის თქმით, პროკურატურაში თავად ჩაიბარებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალდებას.

გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

გამოძიება ავთანდილ წერეთელს „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ „16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას ედავება“.