საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ციხეებთან დაკაშირებული განცხადების მიზანია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და „საკუთარი გამოსწორებული პიროვნების“ დემონსტრირება.
გია ვოლსკი სააკაშვილის განცხადებას, რომ საქართველოში ციხეების დიდი ნაწილი უნდა დაიხუროს, აბსურდულს უწოდებს.
„სააკაშვილის მრავალი უტიფარი განცხადებების დამაგვირგვინებელი განცხადება ვნახეთ. სამჯერ შემცირდა პატიმართა რაოდენობა და ციხეებში ვითარება რადიკალურად შეიცვალა და ამ დროს, სააკაშვილი თურმე განიცდის, რომ საპატიმრო ადგილებში ადამიანებს უკეთესი პირობები უნდა ჰქონოდათ, მისი გაგებით. რასაკვირველია, ეს განცხადებები საზოგადოების გარკვეულწილად შეცდომაში შეყვანისთვის და საკუთარი გამოსწორებული პიროვნების დემონსტრაციისათვის არის გაკეთებული. ასევე ამბობს, რომ ადამიანების დიდი ჯგუფი სამსახურიდან უნდა დაითხოვოს და მის პერიოდშიც ადამიანები, ვინც დღეს სასჯელს იხდიან, ან გაქცეული არიან, თურმე არ უნდა დაბრუნდნენ კაბინეტებში და სამუშაო ადგილებზე, თურმე ისეთი მასშტაბური საკადრო ცვლილება უნდა მოახდინოს, რომელიც საზოგადოებისთვის, ანუ ამომრჩევლისთვის იქნება მისაღები“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ამასთან, მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი ჩამორჩა ვითარებასა და საზოგადოების შეხედულებებს.
„ამ აბსურდულ განცხადებებს ემატება ისიც, რომ ჩამორჩა. ის ჩამორჩა ვითარებასა და საზოგადოების განათლებას, შეხედულებებს, შეფასებებს, ცდილობს, თავის ძველი ცოდვები ჩამოიწეროს, არც ვიცი, რა უნდა ეწოდოს მის ნათქვამს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.