საერთო-სახალხო წინააღმდეგობის კომიტეტი 18 მარტს პატიმართა წამების აღკვეთის დღედ აცხადებს. ამასთან დაკავშირებით თბილისის კინოს სახლთან გაიმართება აქცია სახელწოდებით „მეც პატიმარი ვარ“. წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის, განცხადებით, აქციას მხარდაჭერა უკვე გამოუცხადა ათეულობით პატიმარმა და „პატიმრების დედათა კომიტეტმა“.
ინაშვილის თქმით, 18 მარტი უნდა გახდეს პრეცედენტი იმისა, რომ ხელისუფლებამ პირველად შეასრულოს საზოგადოების მოთხოვნა.„ჩვენი მოთხოვნების პაკეტს სრულად აქციაზე წარვადგენთ, თუმცა მათ შორის ძირითადია ის, რომ შეწყდეს ციხეებში პატიმართა წამება და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ მძიმე ავადმყოფი პატიმრები“, – განაცხადა ინაშვილმა და დასძინა, რომ ეს მოთხოვნები დღის წესრიგიდან არ მოიხსნება, სანამ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა და საზოგადოების დაკვეთას არ გაითვალისწინებს.
აქციის – „მეც პატიმარი ვარ“ – საინიციატივო ჯგუფში შედიან წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები: ჯემალ სეფიაშვილი, დიმიტრი ჯაიანი, ლალი აფციაური, ზურაბ მანჯავიძე, ადა მარშანია, ირმა ინაშვილი, სოსო მანჯავიძე, შოთა გლურჯიძე და გიორგი კორკოტაშვილი.
აქცია დღეს, 18 მარტს, 18 სათზე, თბილისის კინოს სახლთან გაიმართება.