უცხოეთი
ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს - მე მჯერა ევროპული რუსეთის

 საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ვლადიმერ პუტინს უმასპინძლა. შეხვედრისას მაკრონმა კრემლის ლიდერს უთხრა, რომ მოსკოვმა ფუნდამენტური დემოკრატიული პრინციპები უნდა დაიცვას. გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტმა შეხვედრისას ყურადღება გაამახვილა რუსეთში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე.

„ჩვენ მოვუწოდებდით პროტესტის, სიტყვის და აზრის თავისუფლების დაცვისკენ და არჩევნებში მონაწილეობის უფლების უზრუნველყოფისკენ. რაც სრულად უნდა იქნეს დაცული რუსეთში, როგორც ევროპის საბჭოს წევრ ქვეყანაში. ვინაიდან, მე მჯერა ევროპული რუსეთის“, - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა და რუსეთი უკრაინის კრიზისის მშვიდობიან მოგვარებასთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწევენ.

თავის მხრივ ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ იგი ნორმანდიის ფორმატის შეხვედრების ალტერნატივას ვერ ხედავს უკრაინის კრიზისის მოგვარებაში.

ემანუელ მაკრონსა და პუტინს შორის შეხვედრა ბრეგანსონში, საფრანგეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციაში გაიმართა.

interpressnews.ge