საზოგადოება
აუცრელი მოსწავლეები შესაძლოა, სკოლებში აცრან

 საქართველო, 22 აგვისტო, საქინფორმი. აუცრელი მოსწავლეები შესაძლოა, სკოლებში აცრან. ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსმა მარინა დარახველიძემ განაცხადა.

დარახველიძის ინფორმაციით, სპეციალური ბრიგადები შესაძლოა, სკოლებში მივიდნენ და მშობლების თანხმობით მოსწავლეები აცრან. აცრა ისევ ნებაყოფლობითი იქნება.

გამსვლელი ბრიგადები პაციენტისთვის კომფორტის შემქმნელია. ჩვენ აქ არა მხოლოდ სოფლებზე ვსაუბრობთ, არამედ, სახალხო დამცველმაც გვთხოვა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრებშიც მისულიყვნენ გამსვლელი ბრიგადები და პაციენტები აცრილიყვნენ. ეს არ არის განსაკუთრებული ქმედება. რა თქმა უნდა, არის შესაძლებლობა, რომ გამსვლელმა ბრიგადებმა მოსწავლეები სკოლებში აცრან. ბრიგადებს აქვთ ყოველგვარი აღჭურვილობა იმისთვის, რომ უსაფრთხოდ ჩაატარონ აცრა, რასაც ესწრება ექიმი, ექთანი, ფორმდება დოკუმენტაცია და პრაქტიკულად, სერვისი მიტანილია პაციენტამდე. მაგრამ ეს არ არის მანდატორული და სურვილის შემთხვევაში ვიღაცას შეუძლია ისარგებლოს, ვიღაცას თუ სურვილი არ აქვს, არ აიცრება“, - განაცხადა დარახველიძემ.

რაც შეეხება აცრების ჩატარების ვადებს, როგორც დარახველიძე აცხადებს, ამის წინასწარ დაწესება შეუძლებელია, რადგან სკოლებში ბავშვების ძალიან დიდი მოცულობაა.

წითელას შემთხვევაში ორჯერ ხდება აცრა ბავშვის დაბადების შემდეგ იმისთვის, რომ მყარი იმუნური სტატუსი ჩამოუყალიბდეს. ბავშვის ორჯერადი აცრა აუცილებელია. პირველი კეთდება 12 თვეზე და მეორე 5 წელზე. ბავშვებს, რომლებიც სკოლაში მიდიან ეს ასაკი გამოვლილი აქვთ. თუმცა, თუ გვაქვს ინფორმაცია, რომ ბავშვი არ არის აცრილი, ამ შემთხვევაში ყურადღება მიექცევა იმას, რომ მას არ აქვს მყარი იმუნური სტატუსი და უნდა აიცრას. მთავრობის განკარგულებაც არის გამოცემული წლის დასაწყისში, რომ ბავშვები სავალდებულოდ უნდა აიცრას არა მხოლოდ ბავშვთა ასაკში, არამედ მოზარდობის ასაკშიც. წითურას თემა ჯერ არ დამთავრებულა. როცა სკოლა დაიწყება და ბავშვები თავს ერთად მოიყრიან, რისკი იზრდება იმის, რომ არაიმუნური სტატუსის მქონე ბავშვებში სწრაფად გავრცელდეს ინფექცია. სკოლებში ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიძლება აცრები შერჩევით განხორციელდეს, სადაც დაზუსტებულია, რომ არის არაიმუნური პირი, ჩვენ ადვილად გამოვარჩევთ მას. ბავშვები არ არიან დიდი ასაკის. ადვილად ხელმისაწვდომია მათი სამედიცინო დოკუმენტაცია და ინფორმაცია მკურნალ ექიმებთან მათი აცრის თაობაზე. ამისდა მიხედვით დაიგეგმება აცრები“, - განაცხადა დარახველიძემ და დასძინა, რომ სახელმწიფოს პოზიციაა, რომ აცრები სავალდებულოა.

„თუმცა, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონის თანახმად, არის ასევე ის შანსიც დატოვებული, რომ ადამიანს თუ აქვს გარკვეული მიზეზები და პოზიცია აცრასთან დაკავშირებით, შეუძლია უარის თქმა. ნორმატიული აქტი, რომელიც დასამტკიცებლად არის გამზადებული, მოიცავს ფორმას, რომელსაც დაუსაბუთებელი უარის ფორმა ჰქვია. აცრაზე უარის შემთხვევაში ეს ფორმა ივსება“, - განაცხადა დარახველიძემ.

რაც შეეხება ნორმატიულ აქტს, რომლითაც პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი მტკიცდება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შემუშავებული აქვს და დამტკიცების ბოლო პროცედურებს გადის.

დარახველიძის ინფორმაციით, ნორმატიული აქტი უკვე მოწონებულია იმუნიზაციის საბჭოს მიერ და უახლოეს დღეებში საბოლოოდ დამტკიცდება.

შეგახსენებთ, რომ ნორმატიული აქტები, რომლის თანახმადაც, 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკური აცრების ჩატარება სავალდებულო 2019 წლის 1-ელი ივლისიდან უნდა ყოფილიყო, დამტკიცებული ჯერ კიდევ არ არის. შესაბამისად, სკოლებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებს აცრების დოკუმენტის მოთხოვნის ვალდებულება არ აქვთ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს ნორმატიული აქტების შემუშავების ვადა კანონის თანახმად, 1-ელ ივლისამდე ჰქონდათ.

რაც შეეხება 5 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სავალდებულო აცრების ჩამონათვალს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის თანახმად, აცრები სავალდებულოა შემდეგ დაავადებებზე: B ჰეპატიტი; BCG (ბცჟ); დიფტერია/ტეტანუსი/ყივანახველა/ჰეპ B/ჰიb/იპვ-ზე; პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა; როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა; წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო აცრა და პოლიომიელიტის ორალური ვაქცინა.