ბოლო ინფორმაციით, იაპონიაში საქართველოს 40-მდე მოქალაქე რჩება. ისინი სამშობლოში ეტაპობრივად ბრუნდებიან, თუმცა ნაწილი ჯერ არ აპირებს ჩამოსვლას. ხვალ, 19 მარტს, თბილისში იაპონიაში მცხოვრები კიდევ ერთი ქართველი სტუდენტი ჩამოვა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეთა ევაკუაციის საჭიროება ჯერჯერობით არ არის. საგარეო უწყება ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხო ადგილზე გადასვლის აუცილებლობაზე საუბრობს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით არ აპირებს საელჩოს ევაკუირებას.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელ ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, იაპონიიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს რადიაციაზე არ შეამოწმებენ. მისი განმარტებით, იაპონიაში ქართველები რადიაციულ ზონაში არ იმყოფებოდნენ. ამასთან, რადიაციის დონე ქვეყანაში საგანგაშო არ არის. უტიაშვილის განცხადებით, ადამიანმა რომ რადიაციული დასხივება მიიღოს, უშუალოდ ატომურ რეაქტორთან უნდა ჰქონდეს შეხება.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის იაპონელი ინჟინრები „ფუკუსიმა 1-ის“ გადახურებული სისტემის გაგრილებას ცდილობენ. ავარიულ რეაქტორებს კვლავ ვერტმფრენების დახმარებით და სპეციალური სახანძრო ტექნიკით აგრილებენ.
სულ ახლახან ატომური ელექტროსადგურის თავზე კვლავ გაჩნდა კვამლი, თუმცა ექსპერტები ვერ აზუსტებენ, რა მოხდა შენობაში.
ქვეყანაში იზრდება დაღუპულთა და დაკარგულთა რიცხვი. დაღუპულად უკვე 6 500 ადამიანი გამოცხადდა, 10 ათასზე მეტი დაკარგულია. სტიქიის ზონაში თოვა და ყინვა გრძელდება, რაც ნანგრევებში ცოცხალთა პოვნის შანსს კიდევ უფრო ამცირებს.