საზოგადოება
გამოცდების ეროვნული ცენტრის სპეციალური განცხადება

erovnuli_testsსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, პრესის ჯიხურებში გამოჩნდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი ტესტების პერიოდული გამოცემები. ტესტები განკუთვნილია როგორც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეთათვის, ისე აბიტურიენტთათვის („აბიტურიენტი“, „სასკოლო ტესტები“ და სხვ.)

გამოცდების ეროვნული ცენტრი მოსწავლეების, აბიტურიენტების, მათი მშობლებისა და პედაგოგების საყურადღებოდ აცხადებს, რომ აღნიშნულ და სხვა მსგავს გამოცემებს შეცდომაში შეჰყავს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები და აბიტურიენტები. „გამომცემლები და ავტორები მოსწავლეებს უჩენენ ცრუ მოლოდინს, თითქოს გამოცდისას მსგავს დავალებებზე მოუწევთ მუშაობა. გამოცდების ეროვნული ცენტრი არც აღნიშნულ გამოცემებში გამოქვეყნებული ტესტების ხარისხსა და გამართულობაზე აგებს პასუხს. ცენტრი არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვისი შედგენილია ტესტურ დავალებათა ნიმუშები. აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის შეუძლიათ მოემზადონ იმ კრებულების დახმარებით, რომლებსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველ წელიწადს ყველა საგნისათვის გამოსცემს“, – აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.

რაც შეეხება გამოცდების ეროვნული ცენტრის გამოცემებს, მათი შეძენა და გამოცდებისთვის მომზადება შესაძლებელია იმ სახელმძღვანელოებით, რომელთა გამოწერა მსურველს შეეძლება პრესისა და წიგნების გავრცელების სააგენტო „ელვასერვისის“ დახმარებით.

სააგენტოს ინფორმაციით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, წიგნები შეუკვეთონ სააგენტოს ცხელი ხაზის ან ვებგვერდის საშუალებით.
თბილისის ფარგლებში წიგნების მიწოდება ხდება ადგილზე. წიგნების გამოწერა შესაძლებელია საქართველოს ბანკის ფილიალებში თანხის გადახდის დროსაც.

რაც შეეხება გამოსაშვებ გამოცდებს, ცენტრის ინფორმაციით, მოსწავლეებმა უნდა იხელმძღვანელონ „2011 წლის მოსწავლეთა საატესტაციო გამოცდების მინიმალური სტანდარტით“, რომელიც გამოქვეყნებულია გამოცდების ეროვნული ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე. 
გამოცდების ეროვნული ცენტრი აპრილში გეგმავს მასშტაბურ პრეტესტს. სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა საგამოცდო საგანში ტესტური დავალებების მიღება და ვარჯიში შეეძლებათ.