პოლიტიკა
ივლისში საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი, 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 27 პროცენტით შემცირდა

 საქართველო, 16 აგვისტო, საქინფორმი. ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის ივლისში საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი, 2018 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 27 პროცენტით შემცირდა, ხოლო 2019 წლის ივნისთან შედარებით – 18 პროცენტით.

სააგენტოში ყველაზე დიდ საექსპორტო ბაზარზე ღვინის ექსპორტის შემცირებას 2019 წლის ზაფხულის პოლიტიკური მოვლენებით ხსნიან.

ამასთანავე, აღნიშნავენ, რომ რუსეთში ამ პროდუქტის რეალიზაციის შემცირება ყურძნის შესყიდვაზეც მოახდენს გავლენას და მეღვინეები, წლევანდელ რთველზე, სავარაუდოდ, ნაკლებ საღვინე მასალას შეიძენენ.

,,რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე მოსალოდნელი სანქციების დაწესებამ, გააჩინა მოლოდინი, რომ მიმდინარე წლის რთველის პროცესში ღვინის მწარმოებლების მხრიდან ყურძნის შესყიდვის მოთხოვნა შემცირდება. მწარმოებლების განცხადებით, ისინი დაგეგმილთან შედარებით ნაკლები რაოდენობის ყურძენს ჩაიბარებენ, რადგან შესაძლოა, მათ ღვინის რეალიზაციის პრობლემა შეექმნათ“, – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ.

სააგენტოს ცნობით, საქართველოდან რუსეთში მაისის თვეში ექსპორტირებული იყო 4 522 250 ბოთლი ღვინო, ივნისში – 4 209 866, ხოლო ივლისში ექსპორტი შემცირდა – 3 550 264 ბოთლამდე, რაც 27 პროცენტით ნაკლებია გასული წლის ივლისის თვის ექსპორტის მაჩვენებელზე, 28 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის მაისის თვის მონაცემზე და 18 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის ივნისის მაჩვენებელზე.

„რთველი 2019“ აგვისტოს ბოლოს დაიწყება. სააგენტომ რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის თელავში საკოორდინაციო შტაბი გახსნა.