საზოგადოება
სოფიო ხორგუანი: „დოქსოპულოებო, თქვენ დედები გყავთ?!“

sofio„ქართული პარტიის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი სოფიო ხორგუანი იმ დანაშაულებრივ გულგრილობასა და უპასუხისმგებლობას აპროტესტებს, რომელსაც, მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნები დევნილების მიმართ იჩენენ.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ხორგუანმა აღნიშნა, „ქართულ პარტიას“ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულმა 9 მოქალაქემ მიმართა, რომლებიც საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ საკომპენსაციო თანხას (10 ათასი აშშ დოლარს) ითხოვენ.

„აღნიშნული თახნა ბანკის ანგარიშებზე ორჯერ ჩაირიცხა, მაგრამ სახელმწიფომ ორჯერვე მოხსნა ანგარიშიდან. პოლიტიკოსებისა და მაღალი რანგის ჩინოვნიკებისთვის ზნეობრივი და მორალური კატეგორიების შეხსენება საჭირო არ უნდა იყოს, მაგრამ მე მაინც იძულებული ვარ, მინიტრ კობა სუბელიანსა და შიდა ქართლის გუბერნატორ ზურაბ არსოშვილს დავუსვა შეკითხვა: ბატონებო, თქვენ დედები გყავთ? და თუ გყავთ, ნუთუ ფიქრობთ, რომ მხოლოდ თქვენს დედებსა და ოჯახის წევრებს სჭირდებათ სოციალური დაცვა და ღირსეული ცხოვრება?“ – მიმართა „ქართული პარტიის“ პოლიტსაბჭოს წევრმა იმ მოხელეებს, რომელთა გამოც, მისივე თქმით, დევნილები იძულებულნი არიან, თავიანთი კუთვნილი თანხების მისაღებად ერთი უწყებიდან მეორეში უშედეგოდ იარონ.

ამასთან, ხორგუანი სუბელიანსა და არსოშვილს შეახსენებს, რომ საქართველო უერთდება საერთაშორისო პაქტს „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“, რითაც აღებული აქვს ვალდებულება თითოეული მოქალაქის სოციალურ უზრუნველყოფაზე და საქართველოს ხელისუფლებასაც იმავეს ავალდებულებს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლები.

„სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ხელისუფლების წარმომადგენლები თავად არღვევენ მოქალაქეების უფლებებს“, – აღნიშნა სოფიო ხორგუანმა, რომელმაც საზოგადოებას ისიც შეახსენა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას დევნილთა დასახმარებლად საკმაოდ დიდი თანხები აქვს გადმორიცხული, რაც დევნილებს უნდა მიეღოთ, მაგრამ არ მიუღიათ.

„ხელისუფლება ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედებს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის სარკმელი – სახელად „ტყუილი“ – ჰქვია“, – აცხადებს ხორგუანი და კატეგორიულად მოითხოვს, ხელისუფლების წარმომადგენლებმა კანონისა და ზნეობრივი ნორმების შესაბამისად იმოქმედონ.