საქართველო, 13 აგვისტო, საქინფორმი. აზერბაიჯანის ტურიზმის სტატისტიკამ გასული წლის მაჩვენებლებს გადააჭარბა, იუწყება „Sputnik-აზერბაიჯანი“ ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოზე დაყრდნობით.
ივლისში აზერბაიჯანი მოინახულა 365 ათასმა უცხოელმა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,6%-ით მეტია.
მესამედზე მეტი რუსეთიდან იყო ჩასული (128,5 ათასი ადამიანი). ამასთან მოგზაურთა ყველაზე შესამჩნევი ზრდა შეინიშნება საქართველოდან - 25%. ივლისში აზერბაიჯანში 61 ათასი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა.
2019 წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანს 1,8 მილიონი უცხოელი ესტუმრა. 2018 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, ტურისტების ნაკადის ზრდა დაახლოებით 7,4%-ს შეადგენს.
საქართველოდან ტურისტების ნაკადი 76 ათასით ანუ 23%-ით გაიზარდა, რუსეთიდან და თურქეთიდან - 4%-ით. ტურისტების რიცხვის ზრდამ ცენტრალური აზიიდან შეადგინა 39%, სამხრეთ აზიიდან - 44%.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანის მაღალჩინოსნები ქვეყანაში წელიწადში სამ მილიონამდე ტურისტის მოზიდვის გეგმებზე საუბრობდნენ.