საზოგადოება
ოკუპაცია არ დაწყებულა 2008 წელს, ეს უფრო ადრე დაიწყო და ეს იყო ინტერვენცია, რომელიც განახორციელა რუსეთმა! - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

 საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. ეს იყო ინტერვენცია, რომელიც განახორციელა რუსეთმა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხისას.

მისი თქმით, ოკუპაცია არ დაწყებულა 2008 წელს, უფრო ადრე დაიწყო და მაშინ უნდა ყოფილიყო უფრო მკაცრი შეფასებები რუსეთის მიმართ.

მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო და ეს არის დაფიქსირებული ჩვენს შიდა განცხადებაში, რომ ეს იყო ინტერვენცია, რომელიც განახორციელა რუსეთმა. ოკუპაცია არ დაწყებულა 2008 წელს, ეს უფრო ადრე დაიწყო და მაშინ უნდა ვყოფილიყავით უფრო მკაცრი შეფასებებში რუსეთის ფედერაციის მიმართ“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ოკუპაცია დაიწყო 90-იან წლებში და საბოლოოდ გაფორმდა 2008 წლის ინტერვენციის შემდეგ.

ეს არის უაღრესად მგრძნობიარე საკითხი, მიუღებელია პოლიტიკური ქულების, თუ პოლიტიკური ინსინუაციებისა და მანიპულაციებისთვის ამ საკითხის გამოყენება, რადგანაც ჩვენ საერთაშორისო სამართლით უნდა ვიყოთ გამაგრებული ჩვენს პოზიციებში, ჩვენ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელიც წარმოადგენს ქვეყანას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ძალიან გვჭირდება ერთიანობა, კონსოლიდაცია ამ საკითხში და ვფიქრობთ, რომ მხარდაჭერა, რომელიც გვაქვს, ამაზე მიანიშნებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.