სამართალი
სამწუხაროა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ომთან დაკავშირებულ მოვლენებზე დღესაც თავის მართლების რეჟიმში არიან - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე

 საქართველო, 9 აგვისტო, საქინფორმი. სამწუხაროა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დღესაც თავის მართლების რეჟიმში არიან ომთან დაკავშირებულ მოვლენებზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებმა კითხეს, ვინ და როდის დაიწყო ომი.

ჩვენ დღეს აქ ომთან დაკავშირებით თარიღის დასაზუსტებლად არ მოვსულვართ. მოვედით, რათა პატივი მივაგოთ ჩვენ გმირებს და ვანუგეშოთ მათი ოჯახები. ჩვენი თანაგუნდელები, „ქართული ოცნება“ ვიყავით აქ გუშინაც და მოვედით დღესაც, რათა ოჯახებს შევხვედროდით. სამწუხაროა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დღესაც თავის მართლების რეჟიმში არიან ომთან დაკავშირებულ მოვლენებზე. თუმცა ეს არის საკითხი, სადაც ჩვენ გვჭირდება ერთიანობა, სადაც მთელი საზოგადოება და ხელისუფლება ერთიანი უნდა იყოს, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი ქვეყნის ინტერესები უპირატესია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მშვიდობა და უსაფრთხოება დაცულია.

ჩვენ ამ ომში მშვიდობით გავიმარჯვებთ. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მშვიდობა და უსაფრთხოება არის დაცული. მომავალშიც ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, რომ მისი მხარდაჭერით ჩვენი ქვეყნის მშვიდობასა და განვითარებას შევინარჩუნებთ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

მისი შეფასებით, გმირია ყველა ადამიანი, ვინც ამ ომში ფორმას ატარებდა და საკუთარ სამშობლოს იცავდა.

ყველა ადამიანი, ვინც ჯარისკაცის ფორმას ატარებდა და ამ ომში სამშობლოს იცავდა, რა თქმა უნდა, გმირია და სათანადოდ არის და იქნება დაფასებული სახელმწიფოს მხრიდან. აქ არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს. კიდევ ერთხელ ვამბობ, სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები დღემდე თავის მართლების რეჟიმში რჩებიან და საოცარ კითხვებს სვამენ. თუნდაც გუშინ მოვისმინე კომენტარები თარიღთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ აქ ომის თარიღის დასაზუსტებლად არ მოვსულვართ. ჩვენ ვიყავით გუშინაც, ჩვენ ვართ აქ დღესაც და მომავალშიც ყოველთვის, როდესაც მოსვლა საჭირო იქნება, მოვალთ და გმირების საფლავებს პატივს მივაგებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე – რატომ უჭირს „ქართულ ოცნებას“ პუტინის ხსენება და დადანაშაულება, თალაკვაძე პასუხობს, რომ კარგად ჩანს, ეს ვის უჭირს და ვინ ცდილობს მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანას.

მგონი, ვისაც უჭირს, კარგად ჩანს და ვინ ცდილობს, მთავარი საკითხიდან ყურადღება გადაიტანოს. ეს სერიოზული და პატრიოტული მიდგომა არ არის სამშობლოს და ჩვენი ქვეყნის ინტერესების მიმართ. ჩვენ ერთიანობა და ძალიან მაღალი თვითშეგნება გვჭირდება, რათა გავაცნობიეროთ, რომ ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ჯარისკაცების გმირობა და მათი ბედი ამ ომში, ეს არ არის საკითხი, რომელიც შეიძლება, გახდეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საგანი. ეს ერთი გმირობის ისტორიაა და ჩვენ ამ მხრივ სახელმწიფოებრივი პოზიცია გვაქვს. ოჯახებთან ერთად, აბსოლუტურად ვაცნობიერებთ, რამხელა მსხვერპლი გაიღეს ჩვენმა ჯარისკაცებმა აგვისტოს ომის დროს“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, ყურადღების გადატანა იმ საკითხზე, 2008 წელს ომი 7 აგვისტოს დაიწყო თუ 8 აგვისტოს, პატარა ადამიანების დღის წესრიგია.

ამ საკითხებზე ყურადღების გადატანა ეს პატარა ადამიანების დღის წესრიგია. ჩვენთვის ყველაზე მთავარი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა. მნიშვნელოვანია ჩვენი გმირების თავდადება და მნიშვნელოვანია, რომ მათ ოჯახებს სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ყურადღება ჰქონდეთ. ყველა სხვა საუბარი, განხილვა და ის თავის მართლება, რასაც ოპონენტები დღემდე მიმართავენ ომთან მიმართებით, ბევრად უფრო ქვემოთ დგას, ვიდრე ჩვენი ქვეყნის ინტერესები და ჩვენი სამშობლო“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, რუსეთის მხრიდან ოკუპაცია, ძალიან ბევრ რეზოლუციასა და საერთაშორისო ფორმატში აისახა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში.

თუ ამის შესახებ სათანადო ინფორმაცია ვერ ნახეთ, გირჩევთ სხვა არხებზეც გადართოთ ხოლმე. იქ ნახავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, რუსეთის მხრიდან ის უკანონო ოკუპაცია, რამდენ საერთაშორისო ფორმატში და რამდენ რეზოლუციაში არის ასახული ჩვენი ხელისუფლების დროს. ჩვენი გმირები, რომლებიც ამ ომს შეეწირნენ, აქ არიან დაკრძალული. ყველაზე მთავარი არის, რომ პატივი მივაგოთ ამ გმირობას, ვინაიდან სამშობლოსთვის თავის დადება ალბათ, არის ყველაზე დიდი ღვაწლი. ჩვენი შვილებიც და ჩვენი თაობაც, ვალდებული ვართ, ეს მაგალითები შევინახოთ და ამ მაგალითებს გავუფრთხილდეთ. ომი აღარ უნდა განმეორდეს. მშვიდობით ჩვენ ამ ომში გავიმარჯვებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.