უცხოეთი
ჩინეთის საგარეო უწყება - აშშ-ის მიერ აზიაში რაკეტების განთავსების შემთხვევაში, პეკინი საპასუხო ზომებს მიიღებს

 საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის მიერ აზიაში რაკეტების განთავსების შემთხვევაში, ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

კონკრეტულად რა საპასუხო ზომებზეა საუბარი, ჯერ უცნობია. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონში აგრესიულ პოლიტიკას ატარებს, პეკინი კი, უმოქმედოდ არ იქნება და საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებს.

ამასთან ერთად, ჩინეთის დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც საკუთარ ტერიტორიაზე რაკეტის განთავსებას დათანხმდებიან, ჩინეთისგან შესაბამის პასუხს მიიღებენ. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები რეგიონში შესაძლო პარტნიორებად სამხრეთ კორეას, იაპონიას და ავსტრალიას განიხილავს.

რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტის განთავსებას განიხილავს. მარკ ესპერის განმარტებით, ამის გაკეთება ვაშინგტონს რაც შეიძლება სწრაფად სურს, თუმცა პროცესი შესაძლოა გაიწელოს.

1tv.ge