როგორც განათლების სექტორში მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს, 17 მარტს, საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატებთან“ გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს, „რაც თავის დროზე დიმიტრი შაშკინმა პენიტენციარულ სისტემაში განახორციელა, სწორედ იმავეს განხორციელება სურს საჯარო სკოლებში“.
„ეს სისტემა დაიხურა და ემსგავსება პენიტენციარულ სისტემას. სამინისტროსთან კომუნიკაცია, გასულ წლებთან შედარებით, დიმიტრი შაშკინის პირობებში უფრო გაუარესდა“, – მიიჩნევს განათლების დაგეგმარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი გიორგი მაჩაბელი.გარდა ამისა, დღევანდელ შეხვედრაზე ექსპერტების მხრიდან გამოითქვა ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ სკოლებში მანდატურის ინსტიტუტის შემოღება სკოლებზე პოლიტიკური კონტროლის სურვილს უკავშირდება.
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წარმომადგენელი ვიქტორია ბალავაძე მანდატურის ინსტიტუტის ნეგატიურ მხარეებზე საუბრობს და პრობლემატურს უწოდებს კანონში არსებულ ჩანაწერს მანდატურის მიერ „სხვა საშუალებების გამოყენების თაობაზე“.
მისი თქმით, ეს განმარტებულია პოლიციის შესახებ კანონში, თუმცა თუ უფრო არ დაზუსტდა აღნიშნული საკითხი მანდატურთან მიმართებაში, მრავალ პრობლემას შექმნის. მისივე ინფორმაციით, პედაგოგთა უმეტესობას პედაგოგობა აღარ სურს სწორედ მანდატურის ინსტიტუტის გამო.
განათლების ექსპერტები სისტემაში პროფესიონალების მუშაობის პრობლემაზეც საუბრობენ. მათი ინფორმაციით, გასულ წლებში 24 პირი განათლების მართვასა და პოლიტიკის საკითხებში კოლუმბიისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში გადამზადდა, რაც სახელმწიფოს 500 ათას ლარამდე დაუჯდა, თუმცა არცერთი მათგანი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აღარ მუშაობს.
განათლების ექსპერტები „ქრისტიან-დემოკრატებს“ სთხოვენ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოჰკითხონ, სად არის ის 24 გადამზადებული და რატომ არ არიან ისინი დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასაქმებული; ზოგადად, რისთვის გადამზადდნენ და რატომ ჩაიყარა ნახევარი მილიონი ლარი წყალში.