პოლიტიკა
აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობა საქართველოში მიმდინარე სამხედრო სწავლების ვიდეომასალას ავრცელებს

 საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობა სოციალურ ქსელ„ტვიტერში“ საქართველოში მიმდინარე სამხედრო წვრთნების – Agile spirit 2019 ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.

როგორც კადრებში ჩანს, ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გამართული სწავლებისას ჯარისკაცები სხვადასხვა ამერიკულ საბრძოლო იარაღთან ერთად, სარაკეტო კომპლექსებს, „ჯაველინებსაც“ იყენებენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოსთვის 75 მილიონი დოლარის ღირებულების მესამე თაობის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების გადაცემის გადაწყვეტილება 2017 წელს მიიღო.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Agile spirit 2019 წინა წლებთან შედარებით, წელს ყველაზე მასშტაბურია, ფართოდ არის წარმოდგენილი ქართული და ამერიკული სამხედრო ტექნიკა. წლევანდელი სწავლება სამ ლოკაციაზე – სენაკში, II ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ორფოლოსა და ვაზიანის პოლიგონებზე იმართება.

მრავალეროვნული სამხედრო წვრთნები საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის სამხედრო ძალების ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. მისი მიზანი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცება და მონაწილე ქვეყნებს შორის სამხედრო ურთიერთავსებადობის ამაღლებაა.

წვრთნებში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 14 ქვეყანაა ჩართული: საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, ნორვეგია, ბელგია, ბულგარეთი, საბერძნეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა.

სწავლება – Agile spirit 2019 27 ივლისს დაიწყო და 9 აგვისტოს საზეიმოდ დაიხურება.