საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას შეხვდა.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ორმხრივი სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. საუბარი შეეხო ამ ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებსაც.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესრელიზშია აღნიშნული, შეხვედრა სოჭში რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის „დიპლომატიური ურთიერთობების 11 წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა“.
შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინი აფხაზეთში მოახლოებულ არჩევნებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ე.წ. არჩევნები დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. რაულ ხაჯიმბამ ვლადიმერ პუტინს ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელებული ინვესტიციებისთვის მადლობა გადაუხადა და იმ სამშენებლო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რაც რუსული ინვესტიციით მიმდინარეობს.