საქართველო, 8 აგვისტო, საქინფორმი. მიმდინარე წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 3 მილიარდ 674 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 30 ივნისთან შედარებით 61.6 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებია. ეროვნული ბანკის რეზერვები ივნისში ისტორიულ მაქსიმუმზე იყო.
ამასთან, პირველ აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე გასაყიდად 40 მილიონი აშშ დოლარი გამოიტანა, საიდანაც 32.8 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა. თუმცა, რეზერვების კლება 31 ივლისის მდგომარეობითაც ფიქსირდება.
წლიურად კი, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები 748 მილიონი აშშ დოლარით არის გაზრდილი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 8 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.9338 ლარი ეღირება, ევრო – 3.2806 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5628 ლარი.
7 აგვისტოს ერთი ამერიკული დოლარი 2.9321 ლარი ღირდა, ევრო – 3.2840 ლარი, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.5763 ლარი.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი დღეიდან, 8 აგვისტოდან შევა ძალაში.