საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. ჩვენ ველოდებოდით, რომ ივლისის რეკორდული იქნება და ტურისტული ნაკადი გაიზრდება, მაგრამ ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ეს არ მოხდა, განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა მარიამ ქვრივიშვილმა ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
მიმდინარე წლის ივლისში უცხოელებმა 1 მილიონზე მეტი ვიზიტი განახორციელეს - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველ ასეთ შემთხვევას აფიქსირებს როგორც „ვიზიტს“. ეს თითქმის 5,8%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ივლისში.
ამასთან რუსეთიდან ვიზიტების რაოდენობა 6,4%-ით შემცირდა და 159 ათას გაუტოლდა.
საქართველოში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლისა და აქედან გამომდინარე, საპროტესტო აქციების ფონზე, რუსეთმა 8 ივლისიდან საქართველოში პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. საქართველოს ხელისუფლების ვარაუდით, რუსი ტურისტების რაოდენობის შემცირების გამო ზარალმა შეიძლება 750 მლნ დოლარს მიაღწიოს.
„ჩვენ ვეცადეთ ეს ზარალი მინიმუმამდე დაგვეყვანა და პოზიტიურ ტემპს ვინარჩუნებთ", - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
მისი თქმით, ივლისში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა გაიზარდა სახმელეთო გზით, ძირითადად „ყაზბეგის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტის გავლით. რუსი მოგზაურები ასევე სატრანზიტო მიმართულებებს ირჩევენ.
როგორ იმოქმედა რუსი ტურისტების რიცხვის შემცირებამ ბიზნესზე
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის თავმჯდომარე შალვა ალავერდაშვილი აღნიშნავს, რომ რუსი ტურისტების რიცხვის შემცირების გავლენა განსაკუთრებით ქობულეთისა და ბათუმის კურორტებზე იგრძნობა.
„თბილისში განსაკუთრებული ნეგატივი სასტუმროებში არ იგრძნობა. სასტუმროს ჯავშნები გაუქმებულია, მაგრამ დაახლოებით 50%-ით რუსი ტურისტების ჩანაცვლება შევძელით და ადამიანები ჩამოვიყვანეთ სხვა ქვეყნებიდან, კერძოდ ევროპიდან და არაბეთის ქვეყნებიდან“, - განუცხადა ალავერდაშვილმა „Sputnik-საქართველოს“.
მისი თქმით, კლიენტები დაკარგეს მცირე სასტუმროებმა, გესტ-ჰაუზებმა და კერძო სახლებმა, და ძირითადად აჭარაში.
„მაგრამ, ტურისტების რაოდენობით მაინც პლუსში ვართ წინა წელთან შედარებით. და სხვა ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობა გაიზარდა“, - განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა.
ყველაზე მეტად დაზარალდნენ გიდები
საქართველოს გიდების ასოციაციის წევრმა ეკატერინე ლომაძემ აღნიშნა, რომ რუსეთიდან ტურისტების რიცხვის შემცირებამ მის სამსახურზე სერიოზულად იმოქმედა.
რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ სასტუმროები და რესტორნები, მაგრამ გიდები უფრო დაზარალდნენ. ახლა რუსეთიდან ადამიანები მანქანებით ჩამოდიან და ასეთი ადამიანები გიდების მომსახურებით ძირითადად არ სარგებლობენ“, - განუცხადა ლომაძემ „Sputnik-საქართველოს“.
მან აღნიშნა, რომ ქართულმა ავიაკომპანიამ ალტერნატიული ვარიანტი ერევნის გავლით შესთავაზა, მაგრამ ბევრი ასეთ მოგზაურობაზე უარს ამბობს, რადგან ვიღაცა ვერ უძლებს ორ აფრენა-დაშვებას, ვიღაცისთვის კი ეს ზედმეტი წვალებაა.
„ახლა არის აქცენტი ევროპაზე, არაბეთის საამიროებზე და ისრაელზე. ყოფილი საბჭოთა კავშირიდან - ეს არის ყაზახეთი და უკრაინა, მაგრამ რუსულენოვანი ტურისტებიდან ყველაზე კომფორტულები, რა თქმა უნდა, რუსები იყვნენ“, - მიიჩნევს გიდი.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ წელს სეზონი ჩავარდა.
საქართველოში განხორციელებული ვიზიტების შვიდი თვის სტატისტიკა
იანვარ-ივნისში მოგზაურებმა საქართველოში თითქმის 5 მილიონი ვიზიტი განახორციელეს, რაც 7,8%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის შვიდ თვეში.
უწყების მონაცემებით, 15 წელზე ზემოდ ასაკის უცხოელებმა საქართველოს ესტუმრნენ 4,1 მილიონჯერ, რაც 7%-ით მეტია, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
ამ დროს გაიზარდა ვიზიტების რაოდენობა ტურისტული მიზნით - 8%-ით, ქვეყანაში 2,7 მილიონი უცხოელი ტურისტის სტატუსით ჩამოვიდა.
შვიდ თვეში ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა საქართველოს საზღვარი 270,1 ათასჯერ გადაკვეთეს, ეს 1,9%-ით მეტია, ვიდრე 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში.
საიდან და რა ტრანსპორტით ჩამოდიან უცხოელები საქართველოში
ყველაზე მეტი უცხოელი საქართველოში ჩამოდის სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით.
სასაზღვრო პუნქტებს შორის, რომელთა გავლითაც შემოდიან უცხოელი ვიზიტორები, ლიდერობს თბილისის აეროპორტის საკონტროლო-გამშვები პუნქტი, სარფი და წითელი ხიდი.
საქართველოში ტურიზმის სფერო წლიდან წლამდე ვითარდება, რაც სტატისტიკურ მონაცემებში აისახება. ყოველ წელს იხსნება ახალი სასტუმროები, კვების ობიექტებში ხარისხი მოწმდება, მომსახურე პერსონალისა და გიდების გადამზადება ხდება.
ტურისტების მოსაზიდად 2019 წელს ხელისუფლება სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 51,9 მილიონი ლარია გამოყოფილი.