საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ევროპისა და ამერიკის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრ კრისტოფერ პინჩერთან.
მინისტრმა კრისტოფერ პინჩერს მიულოცა მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. განსაკუთრებით აღინიშნა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობა და იმედი გამოითქვა, რომ ბრექსიტის შემდგომი თანამშრომლობის აღნიშნული პლატფორმა კიდევ უფრო მეტ დინამიკურობას შეიძენს.
სახელმწიფო მინისტრმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს მნიშვნელოვან მოკავშირედ და მხარდამჭერად. საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს ორმხრივი შეხვედრების აქტიური დინამიკის მნიშვნელობა და დააფიქსირეს ამ კუთხით მზაობა – იქნება ეს ორმხრივი გაცვლითი ვიზიტების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ღონისძიებების ფარგლებში.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.