უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი - არცახი სომხეთია და მორჩა

 საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. არცახი სომხეთია და მორჩა, – news.am-ის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სტეპანაკერტში, მიტინგზე გამოსვლისას განაცხადა.

არცახი ისტორიული პროვინციაა, რომელიც თანამედროვე მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს.

„რევოლუცია უნდა გაგრძელდეს სომხეთში, არცახში და ყველა სომეხს შორის“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

სომხური მედიის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ წლების განმავლობაში სომხებზე გარკვეული ფრაგმენტაცია მეფობდა, რაც უნდა გამოირიცხოს და უარი ითქვას ისეთ ტერმინებზე, როგორიცაა „ყარაბაღელები“, „იჯევანელები“ და „გიუმრელები“.

სომხეთის პრემიერი საერთო სომხური იდეის გაძლიერებისთვის კონსოლიდაციის ინიციატივით გამოვიდა, რაც სომხეთისა და ყარაბაღის განვითარებასა და გაძლიერებას გულისხმობს. ფაშინიანმა იდეის განხორციელების მნიშვნელოვან რგოლად დიასპორის პოტენციალის გამოყენება დაასახელა და თქვა, რომ მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი რეპატრიაციაა.

„დღეს მნიშვნელოვნად მიმაჩნია მეგაპროექტების სამუშაო ვერსიის წარმოდგენა, რომელიც მთავრობის მიერ არის ჩაფიქრებული. 2050 წლისთვის, სომხეთის მოსახლეობამ ხუთ მილიონს უნდა მიაღწიოს. უნდა შეიქმნას 1.5 მილიონი სამუშაო ადგილი. უნდა გადაწყდეს 2.5 მილიონი ადამიანის დასაქმების საკითხი და აღმოიფხვრას სიღარიბე. ჩვენი მიზანია სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 15-ჯერ გაზრდა, სულ მცირე, ხუთი სომხური ტექნოლოგიური კომპანიის არსებობა ათეულობით მილიარდი დოლარის კაპიტალით. სომხეთის არმია სიძლიერით მსოფლიო ოცეულში უნდა იყოს, სპეცსამსახურები კი – ათეულში. ბევრი თქვენგანი იკითხავს, რატომ არ არის არცახი ამ გეგმებში. პასუხი მარტივია – არცახი სომხეთია და მორჩა“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

ამასთან, ინვესტიციებზე საუბრისას ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ „სომხურ კაპიტალს აქვს სამშობლო – ეს არის სომხეთი და არცახი“.

1tv.ge