საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ 16 მარტს განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის ისრაელში დაგეგმილი ვიზიტის გადადებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს ორმხრივ ურთიერთობებზე; თუმცა მან იქვე ხაზი გაუსვა, რომ ვიზიტი „არ არის გაუქმებული, ეს ვიზიტი არის გადადებული“.
ისრაელის მედია ქნესეთის თავმჯდომარის აპარატზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარე რივენ რივლინმა თავის ქართველ კოლეგა დავით ბაქრაძეს ვიზიტის გადადება სთხოვა იმ „შიდა და გარე პოლიტიკური გარემოებების გამო, რომლებიც ხელს უშლის ვიზიტს“, ასევე, იმის გამო, რომ ისრაელის ბიზნესმენ რონ ფუქსის (რომელიც საქართველოში მოქრთამვის მცდელობის ბრალდებითაა დაკავებული და რომლის საქმესაც თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს) ბედი ისრაელის ბევრ მოქალაქეს აწუხებს და რომ საზოგადოებრივმა ზეწოლამ ამ საკითხზე იგი იმის გაცნობიერებამდე მიიყვანა, რომ ეს დრო შეუფერებელია ისრაელში ოფიციალური ვიზიტისთვის“.„გავლენას [ორმხრივ ურთიერთობებზე] ეს იქონიებს იმდენად, რამდენადაც არ შედგა ვიზიტი, რომელიც წინ წაიყვანდა ჩვენს ურთიერთობებს, მაგრამ ეს ვიზიტი არ არის გაუქმებული. ეს ვიზიტი არის გადადებული“, – განუცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებს ამ საკითხზე კომენტარისას: „რაც შეეხება მიზეზს, მე თვითონ ისრაელის პრესაში ექვსი სხვადასხვანაირი მიზეზი ვნახე, სპიკერის გადატვირთული გრაფიკიდან დაწყებული, პალესტინასთან დასაწყები მოლაპარაკებებით დამთავრებული“.
რონ ფუქსი, რომელმაც ხანგრძლივი (98.1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის) კომერციული დავა მოიგო საქართველოსთან საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, და მისი პარტნიორი ზეევ ფრენკიელი ქართველმა სამართალდამცავებმა 14 ოქტომბერს ბათუმში დააკავეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ავთანდილ ხარაიძესთან შეხვედრის დროს. მათ ხარაიძისთვის ქრთამის შეთავაზებაში ედებათ ბრალი. სანაცვლოდ, გამოძიების ინფორმაციით, ისინი ითხოვდნენ „საქართველოს ხელისუფლების დაყოლიებას“, რათა ამ უკანასკნელს არ გაესაჩივრებინა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სასამართლო პროცესი საბოლოო ფაზაში შედის. თებერვლის ბოლოსა და მარტის დასაწყისში გამართულ ზედიზედ ოთხ პროცესზე ბრალდების მხარის მთავარი მოწმე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ავთანდილ ხარაიძე დაიკითხა.
მან სასამართლოს განუცხადა, რომ მთავრობამ საკითხის მოგვარების მიზნით, ფუქსთან მოლაპარაკება დაავალა. ხარაიძის თქმით, ზეევ ფრენკიელმა, რომლის საშუალებითაც იგი შემდგომში რონ ფუქსს დაუკავშირდა, თავდაპირველად მას ქრთამის სახით 5 მილიონი აშშ დოლარი შესთავაზა თბილისში სექტემბრის დასაწყისში გამართულ შეხვედრაზე. მისი თქმით, იგივე შესთავაზეს ფრენკიელმა და ფუქსმა 15 სექტემბერს სტამბულის სასტუმროში გამართულ შეხვედრაზე, რომლის ფარული ვიდეოჩანაწერიც გაკეთდა. ეს ვიდეომასალა ბრალდების მხარის მთავარი მტკიცებულებაა, რომლის საქმიდან ამოღებასაც დაცვის მხარე მისი უკანონოდ მოპოვების მოტივით ითხოვს. თუმცა მოსამართლემ დაცვის მხარის ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ისევე, როგორც უარი თქვა იმ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც დაცვის მხარე პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის დაკითხვას ითხოვდა.
დაცვის მხარე აცხადებს, რომ ფუქსი საქართველოში ჩამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან ოფიციალური მოწვევის წერილის მიღების შემდეგ, სადაც იგი ბიზნესმენს საქართველოში ეპატიჟებოდა მრავალმილიონიანი დავის მოსაგვარებლად მოლაპარაკებებისთვის. დაცვის მხარის განცხადებით, გილაურის მიერ გაგზავნილი „ოფიციალური მოწვევა“ საქართველოს ხელისუფლების იმ „გეგმის“ ნაწილი იყო, რომელიც მიზნად ისახავდა ფუქსის შემოტყუებას ქვეყანაში მრავალმილიონიან დავაზე საბოლოო შეთანხმების მიღწევის მოტივით, რათა შემდეგ დაეპატიმრებინათ იგი „გამოგონილი ბრალდებებით“ და აეძულებინათ, უარი ეთქვა იმ თანხაზე, რომელიც საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ საქართველოს დააკისრა ფუქსისა და მისი ბერძენი პარტნიორის სასარგებლოდ.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ავთანდილ ხარაიძემ სასამართლოს განუცხადა, რომ იგი თანამშრომლობს სამართალდამცავ სტრუქტურებთან და არაფერი იცის ამ საქმეში პრემიერ-მინისტრის სავარაუდო მონაწილეობის ან მისი ოფიციალური მოწვევის შესახებ.
ფუქსი სასამართლოზე დუმილის უფლებას იყენებს.
მეორე ბრალდებულმა ზეევ ფრენკიელმა სასამართლოს უთხრა, რომ ხარაიძისთვის ქრთამი არ შეუთავაზებიათ. მისი თქმით, მათ შესთავაზეს საქართველოს მთავრობას (და არა პირადად ხარაიძეს), რომ გადაეხადათ 72 მილიონი აშშ დოლარი, საიდანაც 7 მილიონ აშშ დოლარს მთავრობას დაუბრუნებდნენ. მან განაცხადა, რომ ეს იყო ხარაიძესთან მიღწეული წინასწარი გარიგება – პიროვნებასთან, რომელიც მთავრობას წარმოადგენდა. ფრენკიელის თქმით, ფუქსს სურდა, საბოლოო დეტალები პირდაპირ პრემიერ-მინისტრ გილაურთან შეეთანხმებინა, რომლისგანაც მან მოწვევის წერილი მიიღო, სადაც მას სთხოვდა საქართველოში ჩამოსვლას საკითხის საბოლოოდ მოგვარების მიზნით.
სასამართლო ბრალდების მხარის დასკვნით არგუმენტებს 21 მარტს მოისმენს, მერე კი – დაცვის მხარეს, რომლის თარიღიც ჯერ არ არის განსაზღვრული.
ყოველივე ამის შემდეგ მოსამართლე განაჩენს გამოიტანს.