აქტუალური
პროტესტი დაკავშირებულია ტოპ-მენეჯმენტისა და უშუალოდ სამუშაოს შემსრულებლების ხელფასებს შორის ძალიან დიდ სხვაობასთან - „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“ დამფუძნებელი

 საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. რკინიგზის დირექტორთა საბჭოში, რომელიც 5 ადამიანისგან შედგება, ერთი ადამიანია რკინიგზელი და ისიც იმ ადგილს იცავს, რომელზეც ზის. „საქართველოს რკინიგზას“ მართავს ყველა, რკინიგზელის გარდა, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ „პროფესიონალ რკინიგზელთა კლუბის“ დამფუძნებელმა დავით გოჩავამ „საქართველოს რკინიგზის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, პროფკავშირელთა პროტესტი დაკავშირებულია ხელფასებს შორის არსებულ ძალიან დიდ სხვაობასთან, ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც უშუალო სამუშაოს ასრულებენ.

დავით გოჩავამ ასევე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე კონკრეტული მოთხოვნაა ხელფასების 50% - ით მომატებაა იმ ადამიანებისთვის, რომელთა ხელფასიც 1000 ლარს არ აღემატება, ხოლო თუ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება ვერ მოხერხდება, 10 აგვისტოს შეიკრიბება ახალი პროფკავშირების გამგეობა, რომელიც სავარაუდოდ, საგაფიცვო პროცედურების გაგრძელების გადაწყვეტილებას მიიღებს.

ახალი პროფკავშირელთა პროტესტი დაკავშირებულია ძალიან დიდ სხვაობასთან ხელფასებს შორის, რომელიც არსებობს ტოპ-მენეჯმენტის წარმომადგენლებსა და იმ ადამიანებს შორის რომლებიც უშუალოდ სამუშაოს ასრულებენ. მათი ხელფასი არის ძალიან დაბალი 500-600, მაქსიმუმ 1000 ლარი. მატარებლის მემანქანეს ხელზე აქვს 1000 ლარი ხელფასი, რომელიც არანორმალური დატვირთვის სამუშაოს ასრულებს და ამ დროს, „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორის ხელფასია 8000 ლარზე მეტი. ამასთან, მას ჰყავს დამხმარე ადამიანების მთელი კოჰორტა: 4 თანაშემწე, 2 მოადგილე, 3 მრჩეველი, 1 კონსულტანტი, 1 კოორდინატორი. ამ მოცემულობით ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანმა არაფერი არ იცის, არანაირი პროფესიონალიზმი მის უკან არ დგას. რკინიგზის დირექტორთა საბჭოში, რომელიც მხოლოდ 5 ადამიანისგან შედგება, მხოლოდ ერთი ადამიანია რკინიგზელი და ისიც იმ ადგილს იცავს, რომელზეც ზის“, - განაცხადა დავით გოჩავამ.

მისივე თქმით, „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოქვეყნებული განცხადება, რომლის მიხედვითაც 2020 წლის მარტის თვეში რკინიგზელებს ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ, პირდაპირ კავშირშია საარჩევნო პროპაგანდასთან.

ჯანდაცვის სამინისტრომ დანიშნა სპეციალური ადამიანი, მედიატორი, რომელთან შეხვედრაც ჩაშალა „საქართველოს რკინიგზის“ ტოპ-მენეჯმენტმა და მათთან ერთ მაგიდაზე სალაპარაკოდ არ მიდის“, - განაცხადა დავით გოჩავამ.

შეგახსენებთ, სს "საქართველოს რკინიგზამ" ამასწინათ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა არარეალურია.

„კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10%-ით. რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია, რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს, საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა. ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე განმარტებით, ხელფასების 50%-იანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება.