პოლიტიკა
დაბრუნება ედემში – ევროპაში შესასვლელად ევროპიდან გამოსვლა ყოფილა საჭირო

filippსაქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა სასტუმრო „რედისონში“ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის“ – პრეზენტაციისას განაცხადა, რომ „თუ საქართველო სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიის შეთანხმებას წარმატებით არ შეასრულებს, ევროპის დახურული კარის წინაშე აღმოვჩნდებით“.

მისი თქმით, რამდენად გამარტივებულიც უნდა იყოს შესვლა ევროპის ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქეები ევროპაში მხოლოდ ლეგალურ საფუძველზე უნდა იმყოფებოდნენ.

„სავიზო და რეადმისიის შეთანხმება ერთი მედლის ორი მხარეა და შეუძლებელია ერთ-ერთის წარმატებით განხორციელება მეორის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროპის დახურული კარის მიღმა აღმოვჩნდებით. კარი დახურული რჩება, თუ არ გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები ამ შეთანხმების შესრულებისთვის; სავიზო რეჟიმის გამარტივება საქართველოს მოქალაქეებს ცვლილებებს ერთბაშად არ მოუტანს. აუცილებელია, ადამიანები აკმაყოფილებდნენ გარკვეულ სამართლებრივ მოთხოვნებს. ყველა, რამდენადაც გამარტივებული უნდა იყოს შესვლა ევროპის ტერიტორიაზე, აუცილებლად ლეგალურ საფუძველზე უნდა იმყოფებოდეს იქ“, – განაცხადა დიმიტროვმა.

როგორც ცნობილია, ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმისა და რეადმისიის ხელშეკრულება პირველი მარტიდან ამოქმედდა.

„ვიზის გაცემის პროცედურის გამარტივების“ შესახებ შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან შეღავათებს ითვალისწინებს, მათ შორის, სავიზო განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული მოსაკრებლის შემცირებას 60-დან 35 ევრომდე, რიგი კატეგორიის მოქალაქეებისთვის სავიზო მოსაკრებლის გაუქმებას, ვიზის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების 10 კალენდარული დღის განმავლობაში მიღებას და ა.შ.

რაც შეეხება „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის“ შესახებ შეთანხმებას, მის საფუძველზე ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნება განხორციელდება. შეთანხმება მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე დაბრუნებასაც ითვალისწინებს.

დიმიტროვის დღევანდელი განცხადებიდან ნათლად ჩანს, რომ გამარტივებული სავიზო რეჟიმით სარგებლობის პარალელურად, საჭიროა ევროპიდან არალეგალი ქართველების სამშობლოში დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოსთვის ევროპის კარი არ გაიღება.

პროექტის – „მიზნობრივი ინიციატივა საქართველოსთვის“ – მიზანი სწორედ არალეგალური მიგრაციის აღკვეთა, ლეგალური მიგრაციის მხარდაჭერა და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაბრუნებისა და რეინტეგრაციის პროგრამების შემუშავებაა, რისთვისაც ევროკავშირმა 3 მილიონი ევრო გამოყო.

სავარაუდოდ, მალე საქართველოში ემიგრანტების დაბრუნების პროცესი აქტიურ ფაზაში შევა. თუმცა, ალბათ, ყველას მოეხსენება, რომ უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს საკუთარი ნებით სამშობლოში დაბრუნების სურვილი ნაკლებად აქვთ. შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან მათი დეპორტირება მოხდება, რის შემდეგაც საქართვველოსთვის ევროპის „დიდი“ კარი გაიღება(?!).