უკრაინის ქალაქ სუმში ძლიერი ქართული დიასპორაა
ამ დღეებში ზუგდიდში იმყოფებოდა საქართველოს დიასპორის წარმომადგენელი უკრაინის ქალაქ სუმში ქალბატონი მადონა მებონია-ზარანდია. ის წარმოშობით აფხაზეთიდან – ოჩამჩირიდანაა და თავის ოჯახთან ერთად 1997 წლიდან ცხოვრობს სუმში. მისი ძალისხმევითა და ინიციატივით იქ ძალიან ძლიერი ქართული დიასპორა შეიქმნა. „სუმის ქართულ დიასპორაში 550 ქართველი შედის. მათ შორის 250 ლტოლვილია აფხაზეთიდან. სუმში ფუნქციონირებს ქართული კულტურის ცენტრი „მზიური“, გურამიშვილის სახელობის საკვირაო სკოლა, ქართული საბავშვო ბაღი, ქართული ტელევიზია, ქართული ცეკვის ანსამბლი „სოხუმი“, თოჯინების ქართული თეატრი, ქართული სამკითხველო.
გარდა ამისა, ყველა ლტოლვილ პენსიონერს ეძლევა დამატებითი პენსია. მარტოხელა ქართველი პენსიონერები ცხოვრობენ სანატორიუმ „ვერეტინოვკაში“, სადაც ოთხჯერადი კვებაა“, – აღნიშნა საქინფორმთან საუბარში ქალბატონმა მადონამ. მისი თქმით, ყოველივე ეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპონსორების დახმარებით გახდა შესაძლებელი. იგი ემადლიერება სუმის ოლქის გუბერნატორ ვლადიმერ შერბანს და მის მეუღლეს, ქალბატონ ირინა შერბანს.
ქალბატონი მადონა ახლა წიგნზე მუშაობს. მისი ზუგდიდში ყოფნაც სწორედ ამან განაპირობა.
„ოთხი წლის წინათ ზუგდიდში, სენაკში, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში მქონდა ფოტოგამოფენა უკრაინაში მცხოვრები ქართველების შესახებ. ამჟამად ვმუშაობ წიგნზე „მზიური უკრაინა“, რომელიც ეხება სუმის ქართველობას, თუმცა წიგნში შევა საქართველოს იმ ქალაქების წარმომადგენლებიც, სადაც ამ ოთხი წლის წინათ მქონდა ფოტოგამოფენა. წიგნი ოთხენოვანი იქნება. მას უკრაინელი ბიზნესმენები ასპონსორებენ“, – აღნიშნა ქალბატონმა მადონამ.
მადონა მებონია-ზარანდია შეხვდა საზოგადოება „ზუგდიდელის“ ხელმძღვანელობას, რომელმაც მას ყოველმხრივი თანადგომა აღუთქვა.