აქტუალური
სოხუმის აეროპორტი როსტოვის საჰაერო ზონას მიეკუთვნა

 საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. აფხაზეთის ხელმძღვანელობამ სოხუმის აეროპორტი როსტოვის საჰაერო ზონას მიაკუთვნა.

მთავრობამ, პრეზიდენტის მონაწილეობით ჩატარებულ სხდომაზე სოხუმის აეროპორტს ოთხი ასო-გბერისგან შემდგარი კოდი „ურას“-ი მიანიჭა, რაც რუსეთის აერონავიგაციის საინფორმაციო კრებულში შემდგომ ჩართვას ისახავს მიზნად.

რეჟიმის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ კოდში „უ“ „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის“ მიერ ყოფილი საბჭოთა კაშირის ქვეყნებისთვის განსაზღვრული ნიშანია, „რ“ – როსტოვის საჰაერო ზონა, „ა“ – აფხაზეთი, „ს“ – კი სოხუმი.

აფხაზეთის რეჟიმი სოხუმის აეროპორტის გახსნას და რეგულარული საერთაშორისო ფრენების განხორციელებას გეგმავს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ სოხუმის აეროპორტში საერთაშორისო ფრენების შესრულება ვერ მოხდება, რადგან ეს საერთაშორისო სამართალს, „სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებას“ და საქართველოს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.