საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. საქალაქო სასამართლოს ვერდიქტი ცნობილია... დარწმუნებული ვარ, საზოგადოებისთვის არახალია, რომ თემიდამ „ფულის გათეთრების“ გახმაურებულ საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში აცხადებდნენ, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაპატიმრება სერიოზული შეცდომა იქნებოდა. თუ ამ მოსაზრებას ჩვენც გავიზიარებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მართლმსაჯულებამ შეცდომა არ დაუშვა!..
სასამართლომ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს გირაო შეუფარდა და გამოძიების თანხმობის გარეშე საზღვის გადაკვეთა აუკრძალა. გირაოს რაოდენობა შვიდასი ათასი ლარით განისაზღვრა.
ბრალდებულთა პოზიციაც ცნობილია. როგორც ისინი აცხადებენ, თერთმეტი წლის წინ განხორციელებული საბანკო ოპერაცია სრულად შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს, მას ფულის გათეთრებასთან საერთო არაფერი აქვს და ბრალი აბსურდულია. სამართლებრივი დევნის ავტორი კი ხელისუფლებაა...
„დღეს ჩვენ, პრაქტიკულად, ვართ სიტუაციაში, სადაც ერთი პირი მართავს ქვეყანას ინსტიტუციების გარეშე. ის არის ამ ქვეყნის დირიჟორი, რომელსაც ჰყავს ძალიან ცუდი შემსრულებლები. გპირდებით, ბრძოლას გავაგრძელებ ჩემ მეგობრებთან ერთად, რომ ეს ქვეყანა შეიცვალოს. მე გაძლევთ გარანტიას, რომ ეს სისტემა დაინგრევა ძალიან მალე და ისინი სახლში წავლენ“, − განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მისი შეფასებით, პროცესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტს აფერხებს. „მთავრობა პირდაპირ, ღიად ებრძვის ანაკლიის პროექტს. შეუძლებელია ასეთ პირობებში ინვესტორებს დაელაპარაკო 650 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე“, − აცხადებს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი და იქვე აღნიშნავს, რომ მისი და ბადრი ჯაფარიძის ინიციატივით დროის უმოკლეს ვადაში შეიცვლება ანაკლიის პროექტის მმართველი საბჭო.
„გადავიწევთ უკანა პლანზე. მე ჩამოვშორდები თავმჯდომარეობას, ბადრი ჯაფარიძე კი ჩამოშორდება მოადგილეობას. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს სპეკულაცია, თითქოს ჩვენ რაღაცას ვეფარებით. ამ ნაბიჯს გადავდგამთ, რათა ეს პროექტი არ გაჩერდეს“, − დასძინა მამუკა ხაზარაძემ.
ბუნებრივია, არ წყდება პოლიტიკური შეფასებები. მმართველი გუნდის წევრები „ფულის გათეთრების“ საქმეში პოლიტიკურ მდგენელს კატეგორიულად უარყოფენ. აი, რაც შეეხება ოპოზიციას, აქ შესაშური ერთსულოვნებაა. მამუკა ხაზარაძეს ებრძვის ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური აქტიურობისა და ანაკლიის პორტის გამო − ასეთია მათი საერთო პოზიცია.
საინტერესოა, რას ფიქრობენ ექსპერტ-ანალიტიკოსები, საბანკო სფეროს სპეციალისტები. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ თერთმეტი წლის წინანდელი საბანკო ოპერაცია, სულ ცოტა, საეჭვოა და ის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, თუმცა აწუხებთ კითხვა − ეროვნული ბანკი რატომ დაინტერესდა „თიბისი ბანკის“ 2008 წლის კონკრეტული საბანკო ტრანზაქციით მხოლოდ 2018 წელს? „სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ − შესაძლოა ბრძანოს მკითხველმა და მართალიც იქნება, თუმცა ახლა სხვა გარემოებაზე მივაპყრობთ თქვენს ყურადღებას...
პროკურატურის მიერ ბიზნესმენებისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალის წაყენებას ოპერატიულად ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. „შეშფოთებას გამოვთქვამთ ბრალის წაყენების კონტექსტსა და დროის გარემოებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში. აქვე საელჩო საჭიროდ მიიჩნევს, ხაზგასმით აღნიშნოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის პორტის პროექტს.
სხვისი არ ვიცი და ამ განცხადების პათოსმა დამარწმუნა, რომ ამ საქმეს მართლაც ბევრი ასპექტი და უზარმაზარი კონტექსტი აქვს, რომელზე დაფიქრებაც გვმართებს. სასურველი იქნებოდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის დიპლომატიურ მისიას მკაფიოდ დაეზუსტებინა კონტექსტი და ჩვენთვის მისი რაობა თავსატეხად არ დაეტოვებინა. ჩვენში პრაქტიკულად აღარავინ უარყოფს, რომ ანაკლია უნდა აშენდეს. მაგრამ როგორც ანალიტიკოსები მიანიშნებენ, დასავლეთელ ინვესტორებს გარანტიები უნდათ, რომ სხვა ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე არ აშენდება. გარდა ამისა ტვირთნაკადების არასაკმარისი ოდენობის გამო დასაზღვევია კომერციული რისკებიც...
ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე: „სავარაუდოა, რომ ბიძინა ივანიშვილი ხვდება, რას ეუბნებიან ამერიკელები − შენ უნდა იყოო ამ პორტის აშენების გარანტი და შენვე უნდა გადააზღვიოო რისკები. ბიძინა ივანიშვილი ამაზე უარს არ ამბობს, არც იტყვის და ვერც იტყვის. ანაკლია დიდი პროექტია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ უფრო უსაფრთხოების თვალთახედვით, ვიდრე ფინანსური მომგებიანობის თვალსაზრისით. ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია ამ პროექტის განმახორციელებელი მამუკა ხაზარაძე იყოს. ამის გამოა ეს მორიგი „აურზაური სალხინეთში“. პირველი შემთხვევა როდია, როცა დიდ საქმეს ზიანი ადგება ქართველებს შორის შუღლის გამო...“
საზოგადოებაში არის მოსაზრება, რომ დაპირისპირების მიზეზი არ არის ეს კონკრეტული ქეისი. ცნობილია, რას წარმოადგენს ოფშორები და როგორ ირეცხება იქ ფული, მათ შორის ქართული რეალობის თვალსაჩინო აქტორების მიერ. არც ის არის უცხო, როგორ დადიოდა პოსტ–საბჭოური ბიზნესი „შავი“ და „თეთრი“ ფულის ზღვარზე. ახლა დავესესხები ბატონ ოტია იოსელიანს და ვიტყვი, რომ როგორც „წყაროზე“, ანუ ხალხში ამბობენ, პოლიტიკურ ბაზარზე მამუკა ხაზარაძის გამოჩენა პრაქტიკულად ანგრევს ორპოლუსიან ნარატივს, რაც ხელისუფლებისთვის ფაქტიურად ძალაუფლების დაკარგვის ტოლფასია.
ანალიტიკოსების აზრით, მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკაში მოსვლის საშუალება უნდა მიეცეს. მათი შეფასებით, მამუკა ხაზარაძისთვის ეს არ იქნება იოლი შანსი. საქართველოში მიზეზთა გამო ბანკირები არ უყვართ და რიგითი ქართველი ტაშისკვრით არც „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს შეხვდება...
ვაჟა ბერიძე: „სხვაგვარად ქვეყანას გაწირავენ საიმისოდ, რომ ქართულ პოლიტიკაში კიდევ წლების განმავლობაში იყოს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის მიერ კონტროლირებადი ფული. პოლიტიკის კეთებას ფინანსები სჭირდება. მამუკა ხაზარაძის ფინანსური რესურსი კიდევ ერთი პოლიტიკური ცენტრის შექმნას შეუწყობდა ხელს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ჩანაფიქრი – ოპონენტებად ჰყავდეს მხოლოდ წინა სახელისუფლებო ძალები, საბოლოო ვარიანტში ჩიხისკენ მიმავალი სტრატეგიაა. იგი შანსს უზრდის ექსტრემისტულ ძალებს, მოვიდნენ ხელისუფლებაში რევოლუციის გზით...“
ერთი სიტყვით, 2012–2013 წლებიდან დიდი ხნით დაპაუზებული პოლიტიკური პროცესი რეანიმირების პროცესშია. პოლიტოლოგთა შეფასებით, ამ პროცესს ბიძინა ივანიშვილმა ხელი უნდა შეუწყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ ჩამოყალიბდება „ქართული ოცნების“ რეალური ალტერნატივა და ელექტორატს არ ექნება ქვეყნის ინტერესების შესატყვისი რეალური არჩევანი. ეს კი, შიდა და გარე საფრთხეების გათვალისწინებით, საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
მოკლედ, ისეთი პირი უჩანს, რომ გზაგასაყარზე ვდგავართ: ერთი არასწორი, იმპულსური ნაბიჯი და სტაბილურობის ნაცვლად, შესაძლოა, მასშტაბური დესტაბილიზაცია მივიღოთ.
Sputnik-georgia.com