როგორც ცნობილია, ოპოზიციის წარმომადგენლები სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ აუდრონიუს აჟუბალისს შეხვდნენ. შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ ვითარებაზე იმსჯელეს.
შეხვედრას ოპოზიციის მხრიდან ნინო ბურჯანაძე, თინა ხიდაშელი, ნესტან კირთაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ნიკა ლალიაშვილი და მანანა ნაჭყებია ესწრებოდნენ, რომელთაც შეხვედრას მნიშვნელოვანი უწოდეს და აღნიშნეს, რომ „საუბარი, ძირითადად, კონფლიქტურ ზონებთან დაკავშირებულ საკითხებსა და საქართველოში დემოკრატიის არარსებობას შეეხო“.როგორც საქინფორმთან საუბრისას „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ განაცხადა, ნაციონალური ტელეარხებით გაშუქებული ინფორმაციები აჟუბალისს იმის ფიქრის საშუალებას აძლევს, რომ საქართველოში პროცესები ვითარდება, თუმცა დღევანდელ შეხვედრაზე ოპოზიცია მისთვის მნიშვნელოვანი წყარო აღმოჩნდა.
„ეუთოს თავმჯდომარემ გვითხრა, რომ მის შეხედულებებს მნიშვნელოვანწილად ტელეარხებიდან მიღებული ინფორმაციები განაპირობებს და თვლის, რომ ჩვენს ქვეყანაში პროცესები ვითარდება, თუმცა ის ოპოზიციას მნიშვნელოვან წყაროდ მიიჩნევს. რა თქმა უნდა, იგი ხმამაღლა ყველაფერზე ვერ ისაუბრებს, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაცია შეხვედრების დასრულების შემდეგ მის მიერ გაკეთებულ დასკვნაში აისახება. ამასთან, ჩვენ განვუმარტეთ აჟუბალისს, რომ ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დაკვირვება მხოლოდ არჩევნებზე არ არის საკმარისი და ვთხოვეთ, განხორციელდეს გრძელვადიანი სადამკვირვებლო პროცესი, რაზეც დაგვეთანხმა და ამის მზადყოფნა გამოთქვა“, – განაცხადა ნაჭყებიამ.