აქტუალური
„პატრიოტთა ალიანსმა“ ბათუმში მიტინგი გამართა

 საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. ბათუმში კვირას რამდენიმე ათასმა ადამიანმა საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება მოსთხოვა - აქცია ერის მოედანზე ოპოზიციურმა პარტიამ საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა მოაწყო.

მოთხოვნებს შორისაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალსა და მოსკოვთან, ნაციონალური მოძაობის „დამნაშავე პოლიტიკურ ძალად“ გამოცხადება, რუსეთის მიმართ რიტორიკის შეცვლა, ქართულ-რუსული ურთიერთობების კრიზისამდელ დონეზე დაბრუნება, ასევე საქართველოს მიერ უარის თქმა სამხედრო ბლოკებში მონაწილეობაზე.

დიდი ხნის წინ უნდა დაგვეწყო ფართომასშტაბიანი დიალოგი ყველა საკითხზე. ძალიან მძიმეა, მაგრამ მოსკოვთან დიალოგი უნდა დავიწყოთ. უნდა დავიწყოთ ასევე მძიმე საუბარი აფხაზებთან და ოსებთან... ვის ველოდებით? ჩვენ თუ არა, ვინ გააკეთებს ამას! ჩვენ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯი, იმიტომ რომ ჩენ დავკარგეთ“, - განაცხადა დეპუტატმა ადა მარშანიამ.

დროა ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ... აქციის მთავარი მოთხოვნაა, რომ პარლამენტმა ბოლოსდაბოლოს მიიღოს ჩენი რეზოლუცია და დაგმოს ნაციონალების დამნაშავე რეჟიმი“, - მოუწოდებდა პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი.

პარტიის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, რომ საქართველომ მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზით უნდა მიაღწიოს, არამარტო მოსკოვთან, არამედ სოხუმთან და ცხინვალთან პირდაპირი დიალოგის გზით.

ჩვენ არ გვინდა მტრობა არც მოსკოვთან, არც ცხინვალთან და არც სოხუმთან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე ჩვენს ვთმობთ. დიპლომატია - ჭკვიანური სიტყვაა, რომელსაც მშვიდობა მოაქვს. ჩვენ გვინდა დილოგი მოსკოვთანაც, სოხუმთანაც და ცხინვალთანაც. ჩვენ გვინდა წყნარი მშვიდი დიალოგი, რომელიც პრაგმატულ შედეგს მოიტანს. არავის არაფერს ვუთმობთ, მაგრამ გვინდა მშვიდობა და დიპლომატია. გვსურს მშვიდობა - ამისათვის უნდა ვიშრომოთ და ვიბრძოლოთ“, - განაცხადა თარხან-მოურავმა.

„პატრიოტთა ალიანსმა“ განაცხადა, რომ ყველა მოთხოვნის შესრულებამდე აქციებს სექტემბერში განაახლებს.

აქცია გაიმართა ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთთან ურთიერთობების ერთ-ერთი სერიოზული გამწვავების ფონზე. რუსეთთან ურთიერთობის გამწვავება სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლამ და შემდგომმა საპროტესტო ტალღამ გამოიწვია. მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა, ხოლო ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით საგზურების გაყიდვა შეაჩერეს.

ამ ყველაფრის შედეგად საქართველოს სასტუმროებში მკვეთრად შემცირდა ჯავშნების რაოდენობა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ზარალმა შეიძლება 750 მილიონ დოლარს მიაღწიოს.

სამხედრო მიუმხრობლობა - ეს არის პირველი ნაბიჯი, რომლის წყალობითაც ჩვენ მომავალში დადებით ცვლილებებს მივიღებთ, განაცხადა ალიანსის თავმჯდომარემ, დავით თარხან-მოურავმა საქართველოს ნატოსკენ სწრაფვის კომენტირებისას.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატები მოსკოვში 2017 წლის ივლისიდან საკუთარი ინიციატივით დადიან. მათი მოთხოვნა მოსკოვში ვიზიტებისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭების თაობაზე პარლამენტმა არ დააკმაყოფილა. ბოლო, მეხუთე შეხვედრა „პატრიოტთა ალიანსმა“ რუსეთში 2019 წლის 15 ივლისს გამართა, მომდევნო შეხვედრა სექტემბერში იგეგმება.