რეზო ჩხეიძე: Война не все спишет!
დიდი ქართველი ხელოვანი, საქვეყნოდ ცნობილი კინორეჟისორი, საზოგადო მოღვაწე და მამულიშვილი რეზო ჩხეიძე ახლა მოსკოვშია, ამთავრებს მუშაობას კინოფილმზე “მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი”, რომელიც კანის ფესტივალზეა მიწვეული. ძალიან დაკავებულია და დიდად მადლობელი ვარ მისი, “საქართველო და მსოფლიოსთვის” ინტერვიუს მისაცემად დრო რომ გამონახა.
- ომის თემაზე შექმნილ თქვენს შესანიშნავ ფილმში “ღიმილის ბიჭები” არის ერთი ემოციური მომენტი, როცა საბჭოთა მებრძოლი, რომლის როლსაც ზურაბ ქაფიანიძე განასახიერებს, გამწარებული და გაბოროტებული ლეწავს ყველაფერს მიტოვებულ სახლში და თავის ამ აფექტურ მოქმედებას ამართლებს არგუმენტით - Война все спишет! - ომი ყველაფერს ჩამოწერსო.
მინდა გკითხოთ, ბატონო რეზო, მიგაჩნიათ, რომ ომი, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ხუთდღიანი ომი, ჩამოწერს ყველაფერს? შეიძლება ომით რაიმეს გამართლება?
- ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოწერს. ეს ფორმულა გაგონილი მქონდა იმ ომის დროს, რომელიც ფაშიზმის წინააღმდეგ მიმდინარეობდა. პირველი ორი წელიწადი კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფებოდა ჩვენი სახელმწიფო. Вრღნთ ვყე ყამშეი თითქოს ამართლებდა ყველა იმ უგვანობას, მათ შორის, დეზერტირობასაც, რაც მაშინ ხდებოდა. არ მიმაჩნია სწორად, როცა ამბობენ, რომ ქართველებისთვის ეს იყო სხვისი ომი. ხომ ცნობილია, რომ ის მსხვერპლი, რომელიც ამ ომში გაიღო ქართველმა ხალხმა, ამერიკის, ამ კოლოსალური სახელმწიფოს მიერ გაღებულ მსხვერპლს აღემატება. ასე მოხდა იმიტომ, რომ ქართველები ვაჟკაცურად იბრძოდნენ და არც უფიქრიათ სიმხდალე და დეზერტირობა გაემართლებინათ იმით, რომ ომი ყველაფერს ჩამოწერს, მათ შორის, ამგვარ სულმდაბლობასაც. ომი მიმდინარეობდა მსოფლიოსთვის შავბნელ ძალასთან როგორიც ფაშიზმია და ამიტომ იყო, რომ ისეთი ცივილიზებული ქვეყნები - ინგლისი, შეერთებული შტატები, საფრანგეთი აღდგა მის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს შავბნელი ძალა მომდგარი იყო სოხუმთან, ვლადიკავკაზთან, რეალური საშიშროება იყო კავკასიონის უღელტეხილებით საქართველოში მისი შემოჭრის. ამ დროს მტკიცე ნებისყოფის, ვაჟკაცობის გამოჩენა ქართველების მხრიდან ისეთივე საამაყოა ჩვენთვის და ისეთივე პატივი უნდა მივაგოთ სამამულო ომის გმირებს, როგორც ლეგენდარული 300 არაგველის, ცხრა ძმა ხერხეულიძის, თუნდაც ცოტნე დადიანის და სხვათა და სხვათა გმირობასა და თავდადებას. გამართლება არა აქვს ძეგლებისა და მემორიალების ნგრევას, მეშინია, რომ ის საომარი ჟინი და ვაჟკაცობა, რომელიც ქართველებს ახასიათებდა, შეიცვლება ფულის კეთების ჟინით, რაც, სამწუხაროდ, უკვე სახეზეა. მორალური დაცემა-დაკნინება, რომელიც ამჟამად მთელ მსოფლიოს მოედო და არა მხოლოდ საქართველოს, ბუნებრივ კატაკლიზმებზე უარესი მოვლენაა. ირყვნება ადამიანის სული, მას აღარც ეკლესიის სჯერა, აღარც სამშობლოსთვის თავგანწირვის მოთხოვნილება აქვს. არადა, იმის მაგალითი, როცა კაცი მაღალი იდეალებისთვის თავს სწირავს, ქართველ ხალხს ძალიან სჭირდება, ძალიან სჭირდება. მე ასე ვფიქრობ. ამიტომ Война не все спишет. - მაშასადამე, ის ომი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში იყო, ვერ ჩამოწერს მაშინ დაშვებულ შეცდომებს?
- ვერ ჩამოწერს. ომის დაწყებაც და მისი იმ კონფლიქტად გადაქცევაც, რაც დღეს რუსეთსა და საქართველოს შორის ჩამოყალიბდა, არასწორ პოლიტიკად მიმაჩნია, რომელიც საქართველოსთვის სასარგებლო არ არის. სხვა ქვეყნისთვისაა სასარგებლო და მომგებიანი, სხვა დიდი ქვეყნისთვის, ჩვენ ხომ ვიცით, ვისზეც ვლაპარაკობთ.
- ვიცით, ბატონო რეზო. - ეს არ არის ეროვნული პოლიტიკა. მართალია, რუსეთს, რომელთანაც მეგობრობისა და თანადგომის არაერთი საფუძველი გვქონია, უნდა გაეთვალისწინებინა ეს ყოველივე და 2008 წლის აგვისტოში არ მოეხდინა საომარი დაპირისპირების ესკალაცია, მაგრამ ჩვენც უნდა დავფიქრებულიყავით პერსპექტივაზე. თბილისიდან რომ გამოვდივარ და სამხედრო გზის გასწვრივ ლტოლვილთა დასახლებებს ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ აქ ჩადებულია ჩვენი ადამიანების შრომა და სწრაფად აშენდა (დიდი მადლობა ამისთვის), მაინც საშინელებაა. სოფელი მოისპო და მის ნაცვლად სტანდარტული სახლები ჩადგეს. შეიძლება სხვა გზა არ იყო, მაგრამ აქამდე არც ჩვენ არ უნდა მივსულიყავით, არც მეზობელ სახელმწიფოს არ უნდა მივეყვანეთ. უნდა ვიპოვოთ საერთო ენა. არ შეიძლება ასეთი დაპირისპირება და ამის შესახებ გვითხრა უწმინდესმა, როცა ორი ქვეყნის ხელმძღვანელებს დაუყოვნებელი მოლაპარაკებისკენ მოუწოდა. არ უნდა ვიყოთ ბრმად მინდობილი სხვა სახელმწიფოს ძლიერებას. ჩვენ ჩვენი ძლიერება გაგვაჩნია - ჩვენი ხალხის გონებრივი ნიჭიერება, ბრძოლის უნარი, სულიერება, ზნეობა. არ შეიძლება დავუშვათ, რომ ჩვენს ეროვნულ თვითმყოფადობას შეუტიონ თუნდაც სხვადასხვა ამორალური და არაქრისტიანული აღლუმებით, რითაც მასობრივი უზნეობის დამკვიდრება აქვთ განზრახული. - ტვინების გამორეცხვის პრობლემა, ბატონო რეზო? - ამ თვალსაზრისით ძალიან მაფიქრებს ჩვენს სკოლებში შექმნილი ვითარება, განსაკუთრებით არაქართული ელემენტების იქ შეტანა. მინდა გითხრათ, რომ დავამთავრე ქართული სკოლა და მიმაჩნია, რომ ჩემი სკოლა იყო ბრწყინვალე სასწავლებელი, აღმზარდა პატრიოტულად, ფსიქოლოგიურად, ზნეობრივად ისე, როგორც უმაღლესი კრიტერიუმები მოითხოვდა. ასევე იყო აღზრდილი მთელი თაობები. განათლების ამჟამინდელმა მესვეურებმა, როგორც ჩანს, არ უწყიან, რომ განათლების უწინდელი სისტემა საინტერესოდ იყო გადმოტანილი და ეფუძნებოდა ევროპული სკოლის მიღწევებს. ეს არ იყო ჩხოროწყუში გამოგონებული განათლების მიღების მეთოდი. ნუ დავუწყებთ მას ბრძოლას, რადგან მაღალი გრძნობებისა და იდეალების მატარებელი ახალგაზრდობა, რომელიც ჯერ კიდევ არის საქართველოში, არ უნდა დავკარგოთ. რომ არა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მწყემსი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, ზნეობრიობა და მაღალი სულიერება საერთოდ დაიკარგებოდა საქართველოში. საქართველოს ეკლესიაა ის მძლავრი კერა, საიდანაც პატრიოტული და სულიერი ამაღლების სიტყვები ისმის, რომელთაც ლოცვად აღავლენს ჩვენი სულიერი მამა ილია II. ადამიანის სულიერება, მისი თვისებები ყოველდღიურ ცხოვრებაში ვლინდება. მახსენდება ერთი შემთხვევა, როცა ბევრი წლის წინათ უნივერსიტეტთან, ვარაზისხევის აღმართზე მგზავრებით სავსე ტროლეიბუსს მუხრუჭებმა უმტყუნა და დაგორდა. უბედურება გარდუვალი იყო. დაინახა ეს ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც თავისი მსუბუქი ავტომანქანით მოძრაობდა, სასწრაფოდ შემოაბრუნა მანქანა, წინ დაუყენა ტროლეიბუსს და განუწყვეტელი საყვირით - ხალხი და ტრანსპორტი რომ მოერიდებინა მართვადაკარგული ტროლეიბუსისთვის, გმირთა მოედნამდე ჩაიყვანა. გაჩერდა, გადმოვიდა მანქანიდან, ერთი კი დახედა მიჭყლეტილ საბარგულს და წავიდა. მეორე დღესვე გაზეთი წერდა ამ შემთხვევის შესახებ, მაგრამ იმ ბიჭის სახელი და გვარი არც მაშინ იცოდა ვინმემ, არც შემდეგ გაურკვევია. ახალგაზრდა კაცი ასე თავის გამოსაჩენად არ მოქცეულა. ნორმა იყო, შინაგანი მოთხოვნილება მაშინ ასეთი. მაშინდელი რესპუბლიკური გაზეთის - “კომუნისტის” მთავარ რედაქტორს, გიორგი ბედინეიშვილს ჰქონდა რედაქტორის სვეტი, სადაც წერდა ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც ყოველდღიურობაში, ჩვეულებრივ გარემოში ხდებოდა და ადამიანების მაღალზნეობრიობის გამოვლენით ხასიათდებოდა. ასეთ მაგალითებზე იზრდებოდა ახალგაზრდობა. ორ წელიწადზე მეტი გავიდა აგვისტოს ომიდან და დღემდე არაფერი გვინახავს გადაღებული, არაფერი წაგვიკითხავს დაწერილი იმ ომზე, სადაც უთუოდ ეტალონური სულიერი ღირებულებანი იყო წარმოჩენილი. დარწმუნებული ვარ, რომ არც ასეთ მაგალითებს ჩამოწერს ომი - ჰუმანიზმის მაგალითებს ომის დროს გამოვლენილს. - თქვენი საუკუნის ფილმის - “ჯარისკაცის მამის” მთავარი მოქმედი გმირი გიორგი მახარაშვილი აგვისტოს ომის დროს სად დადგებოდა? - მე მგონი, ამ პირობებში გიორგი მახარაშვილს საქართველოს მხარეზე უნდა ებრძოლა და, ამასთან, უნდა გამოენახა საშუალება, რათა არ დაგვეკარგა ჩვენს მეზობელთან მისასვლელი გზები. ჰუმანიზმი ორივე მხარეს უნდა გამოეჩინა. მე მგონი, ჯარისკაცის მამა ამ ომშიც ისევე გადაარჩენდა რუს ჯარისკაცს, როგორც ფილმში გიორგი მახარაშვილი - სერგო ზაქარიაძე გადაარჩენს რუს ჯარისკაცს. ეს ხომ ჩვენს ჯიშსა და გენშია. ხომ ყველას გვახსოვს “ლექსი ვეფხისა და მოყმისა”, უმაღლესი ჰუმანურობის გამოვლენა, მოყმის დედის მიერ გამჟღავნებული: “იქნება ვეფხის დედაი,
ჩემზე მწარედა სტირისა,
წავიდე, მეც იქ მივიდე,
სამძიმარ ვუთხრა ჭირისა,
ისიც მიამბობს ამბავსა,
მეც ვუთხრა ჩემი შვილისა,
იმასაც ბრალი ექნების
უწყალოდ ხმლით
დაჭრილისა”. ამას ყველა ნაცია არ იტყვის! ამაშუკელის ქმნილებას, ამ ბალადის მიხედვით გამოქანდაკებულს რომ ჩავუვლი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გზების გასაყარზე, პირჯვარს გადავიწერ ხოლმე. ეს გენიალური ხალხური ლექსი გვასწავლის, რომ ადამიანებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობის მოწესრიგების გზები უნდა ვეძებოთ არა პირდაპირი და ხისტი გადაჭრით, არამედ გმირობითაც, სამშობლოს დაცვითაც და შეწყალებითაც! რადგან ისტორიულად ასე მომხდარა ყოველთვის. ვფიქრობ, რომ გიორგი მახარაშვილი იბრძოლებდა როგორც ლომი, მაგრამ იმ გზებსაც მოძებნიდა, რომ მეზობელი საუკუნო მტრად არ მოეკიდა. ამის გასაღების პოვნა, ალბათ, შეიძლებოდა. - აკი, გამოამჟღავნა კიდეც თავისი მაღალი სულიერება, როცა გადათელვისგან ვაზის დასაცავად გადაუდგა თ-24-ს და ახალგაზრდა ტანკისტს შემოჰკრა კიდეც: გერმანელ ბავშვს ხომ არ გადაუვლიდიო!
- Что я фашист чтоли... - უპასუხებს ახალგაზრდა ტანკისტი.
ეგეც ხომ ცოცხალი არსებააო, ეტყვის მახარაშვილი ვაზზე, და - როგორ იმეტებო! - ჭკუას არიგებს, როგორც მამა შვილს. ფილმის შემდეგი ეპიზოდი გახსოვთ? გიორგი მახარაშვილი საბარგო მანქანის ძარაში ზის ძალიან დაფიქრებული. გვერდით უზის რუსი სერჟანტი და ეკითხება, რამ ჩაგაფიქრაო? მახარაშვილი უპასუხებს, ჩემი შვილი კეთილი იყო, კეთილ კაცად აღზრდილი და, ვაითუ, გაბოროტდაო. ტანკის ეპიზოდის შემდეგ ეს სცენა ჩავსვი, ხალხს რომ ეგრძნო - გაბოროტება არ შეიძლება. ომმა არ უნდა გაგაბოროტოს, არ უნდა გავბოროტდეთ!
ესაუბრა
არმაზ სანებლიძე
http://geworld.net/politics/1215.html