აქტუალური
არჩილ თალაკვაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

 საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ როზარია პუგლისის და პოლიტიკურ მრჩეველს ელჟბიერა ბეჟიუკს შეხვდა.

მხარეებმა ნატო-საქართველოს შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები და თანამშრომლობის მზარდი დინამიკა განიხილეს, რომლის შენარჩუნებაც და გაძლიერებაც მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ნებას და მთავრობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს.

არჩილ თალაკვაძემ როზარია პუგლისის და ელჟბიერა ბეჟიუკს საპარლამენტო საქმიანობა გააცნო. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებსა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტისთვის მნიშვნელოვანია ის აქტიური მხარდაჭერა და დახმარება, რომელსაც ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი საპარლამენტო საქმიანობის მხარდაჭერისთვის ახორციელებს.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს სასამართლო რეფორმაზე და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს საარჩევნო რეფორმის მიმდინარეობის პროცესზე.

აღინიშნა, რომ ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და პროგრესის მდგრადობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.