საზოგადოება
პოლიტიკური პროცესების სტაბილიზაცია ლარის კურსის სტაბილიზაციაშიც დაგვეხმარება - ნათია თურნავა

 საქართველო, 25 ივლისი, საქინფორმი. ეკონომიკისა და მდგრადი მინისტრი ნათია თურნავა ლარის გაუფასურებას კვლავ ნეგატიურ მოლოდინებს, ასევე პოლიტიკურ არასტაბილურობას უკავშირებს.

ეს არის გამოძახილი იმ ნეგატიური მოლოდინებისა, რაზეც დღეს ვსაუბრობთ და რაც ინვესტორებს შორისსაც შეიქმნა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ მიმართულებით პოზიტიური მესიჯები გავავრცელოთ. მაგრამ არ დაგიმალავთ, რომ ნეგატიური ზემოქმედება მომხდარია. პოლიტიკური არასტაბილურობა, რა თქმა უნდა, აჩენს ზოგადად საინვესტიციო არასტაბილურობის განცდებს და ეს აისახება მათ შორის სავალუტო კურსზე.

მაკროეკონომიკური გარემო კვლავაც ჯანსაღია, მაგრამ პოლიტიკური პროცესების სტაბილიზაცია დაგვეხმარება, ლარის კურსის სტაბილიზაციაც მოხდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ბენზინის გაძვირებას ლარის გაუფასურებით და საწვავზე საერთაშორისო ფასების ცვლილებით ხსნის.

მისი თქმით, კომპანიები პროდუქციას ამერიკულ დოლარში ყიდულობენ, ხოლო რეალიზაცია და შემოსავლის მიღება ლარში ხდება.

მიზეზია საერთაშორისო ფასების ზრდა, Platts-ის, რომელიც არის მთავარი ინდიკატორი, რომელიც ფასწარმოქმნას განსაზღვრავს საერთაშორისო ბაზარზე ნებისმიერ ქვეყანაში და მეორე, რა თქმა უნდა, ეროვნული ვალუტის კურსი. ჩვენ პროდუქციის შესყიდვას ვახდენთ ამერიკულ ვალუტაში და მისი რეალიზაცია, შემოსავლის მიღება არის ლარებში. შემდგომი პარტია რომ შევისყიდოთ, ამისთვის გვჭირდება გავაკეთოთ კონვერტაცია და როდესაც კონვერტაციას მაღალი კურსით ვაკეთებთ, ბუნებრივია, ეს ადეკვატურად აისახება შიდა ბაზარზე, ანუ საქართველოში ფასების დონეზე”, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ამასთან, ბიზნესმენის განცხადებით, ამ ეტაპზე, ეკონომიკაში ნეგატიური ფონი მნიშვნელოვნად შემცირებულია და ამ თემაზე ეროვნულ ბანკთან შეხვედრა იგეგმება.

როგორც ხელისუფლების, ისე ბიზნესის ინტერესებშია, რომ სავალუტო ბაზარზე ვითარება დარეგულირდეს და დასტაბილურდეს“, – აღნიშნა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.