სამართალი
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ცნობის აღება ამიერიდან იუსტიციის სახლის ფილიალებშიც არის შესაძლებელი

 საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. იუსტიციის სახლის ფილიალებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი ახალი სერვისი დაინერგა და ამიერიდან მომხმარებელი იუსტიციის სახლის ფილიალებშიც შეძლებს აიღოს „ცნობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ“.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით, სერვისის დანერგვისთვის საჭირო ყველა პროცესი დასრულებულია და მოქალაქეებს აღნიშნული სერვისი შეუფერხებლად მიეწოდება.

როგორც უწყებაში განმარტავენ, აღნიშნული სერვისი შსს-ს მომსახურების სააგენტოს სერვისებს შორის რიგით მეორე ყველაზე მოთხოვნადი დოკუმენტია. სერვისის დამატება იუსტიციის სახლის მომხმარებლისთვის მეტი კომფორტისა და სახელმწიფო სერვისებზე უკეთ წვდომის მიზნით განხორციელდა.

„ცნობა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ“ არის დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეგისტრირებული/აღრიცხული მონაცემების საფუძველზე გაიცემა და ასახულია ინფორმაცია მოქალაქის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ან/და გადმოკვეთის თაობაზე.

სერვისით სარგებლობა მოქალაქეებს საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის ყველა ფილიალსა და მომსახურების სააგენტოების ტერიტორიულ ერთეულებში შეუძლიათ. ცნობის მომზადების ვადა და საფასური შეადგენს: 5 დღეში – 20 ლარს; 3 სამუშაო დღეში – 35 ლარს; ერთ სამუშაო დღეში – 45 ლარს.

იუსტიციის სახლის ფილიალებში შსს-ს სერვისების გაცემა 2017 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე, დაინერგა ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სერვისი – „ცნობა ნასამართლობის შესახებ“ რომლითაც დღემდე, იუსტიციის სახლის მეშვეობით, 42 000-მდე მომხმარებელმა ისარგებლა.