საზოგადოება
ოქრუაშვილის სარჩელს ხალვაშის წილების შესახებ უარი ეთქვა: რა არჩევანის წინაშეა ექს-მინისტრი

 საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელი „რუსთავი 2"-ში ქიბარ ხალვაშისა და „პანორამას" წილების დაყადაღების შესახებ. ამის შესახებ გუშინ გამართულ ბრიფინგზე თავად საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრმა, პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა.

ოქრუაშვილის წარმომადგენელმა, იურისტმა გია ზოდელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი2"-ის წილების დაყადაღების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოში მას შემდეგ შეიტანა, რაც 18 ივლისს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის იურისტებისა და მისი მფლობელების პრეტენზიები საქართველოს სასამართლოსადმი. ამას გარდა სტრასბურგის სასამართლომ ძალაში არ დატოვა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დროებითი შეჩერების მექანიზმი. შესაბამისად, ძალაში შევიდა საქართველოს შიდა სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელისთვის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამასთვის" გადაცემის შესახებ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მალევე „რუსთავი2"-ის წილები ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა (60%) და მის კომპანია „პანორამაზე" (40%) გადაფორმდა.

საქალაქო სასამართლომ უარი გვითხრა „რუსთავი 2"-ის წილებზე ყადაღის დადებაზე იურისტებისთვის სრულიად სასაცილო მოტივით, თითქოს მოთხოვნა წილებზე ყადაღის დადებაზე უნდა გაგვეკეთებინა სარჩელის შეტანასთან ერთად. ჩვენ სარჩელი ჯერ არ შეგვიტანია, ვაპირებთ. კანონით 10 დღის ვადა გვქონდა იმისთვის, რომ ეს სარჩელი წარგვედგინა", – განაცხადა ოქრუაშვილმა.

თავდაცვის ექს-მინისტრის განცხადებით, იგი არჩევანის წინაშეა – გაასაჩივროს განჩინება, ან სარჩელი შეიტანოს და ხელახლა მოითხოვოს ყადაღა.

ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ 2010 წელს შედგენილი დოკუმენტის მიხედვით „რუსთავი 2"-ის 100%-იანი წილი ირაკლი ოქრუაშვილმა შეისყიდა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სახელით. ხალვაშის ადვოკატი და ტელეკომპანიის ახალი გენერალური დირექტორი პაატა სალია კი ამტკიცებს, რომ დოკუმენტი, რომელზეც ოქრუაშვილი საუბრობს, ყალბია.

თავის დროზე ოქრუაშვილი მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი უახლოესი თანამოაზრე იყო. 2003 წლის შემოდგომაზე ოქრუაშვილმა მხარი დაუჭირა „ვარდების რევოლუციას“, იმავე წლის დეკემბერში ის გახდა შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული, ხოლო 2004 წლის იანვარში, სააკაშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ – გენერალური პროკურორი.

2004 წლის ივნისში ის ჩაუდგა სათავეში შსს-ს, დეკემბერში – თავდაცვის სამინისტროს. 2006 წლის ნოემბერში ოქრუაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან მოხსნეს და ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობაზე დანიშნეს, მაგრამ ერთ კვირაში ის გადადგა.