აქტუალური
საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი წელს ივლისშიც ხორციელდება

 საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი მიმდინარე წელს ივლისშიც ხორციელდება. ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო) მონაცემებით, პირველი ივლისიდან 18 ივლისამდე იმპორტმა უკვე 40 მილიონი კილოვატ/საათს გადააჭარბა. ელექტროენერგიის მოწოდება აზერბაიჯანიდან ხორციელდება.

შარშან ელექტროენერგიის იმპორტმა ივლისში მხოლოდ 1.16 მილიონი კილოვატ/საათი შეადგინა.

ივლისის თვეში საქართველო ტრადიციულად ელექტროენერგიის ექსპორტს ახორციელებს. წელს კი, ივლისში ექსპორტი თითქმის ნულოვანია. არსებული ინფორმაციით, იმპორტი აუცილებელი გახდა ჰესების შედარებით დაბალი გამომუშავების, ასევე ზაფხულის პერიოდში ელექტროენერგიაზე გაზრდილი მოხმარების გამო.

ესკო-ს მონაცემებითვე, იანვარ-ივნისში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა 622 მილიონი კილოვატ/საათი შეადგინა, რაც წინა წლის ექვსი თვის მაჩვენებელს 5.6 პროცენტით აღემატება.