საქართველო, 23 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო უარყოფს თეირანის განცხადებას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სასარგებლოდ მომუშავე 17 ჯაშუშის დაკავების შესახებ.
„ირანის რეჟიმს ტყუილის დიდი ისტორია აქვს. მე დიდი ეჭვით შევხედავდი ირანის ნებისმიერ განცხადებას მისი ქმედებების შესახებ“, – განაცხადა მაიკ პომპეომ „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში.
ამასთან, სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ არსებობს პირთა დიდი სია, რომელთა ირანიდან დაბრუნებაზეც აშშ მუშაობს.
ირანში აშშ-ის 17 ჯაშუშის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დონალდ ტრამპი ირანის განცხადებას სრულ სიცრუეს უწოდებს.
დღეს ირანულმა სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2019 წლის მარტამდე 12 თვის განმავლობაში ირანში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს 17 ჯაშუში დააკავეს, რომელთა ნაწილს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
1tv.ge