საზოგადოება
2016 წელს საქართველოში იმყოფებოდნენ რუსი დეპუტატები და ფეესბე-ს ყოფილი თავმჯდომარე, რა მნიშვნელობა აქვს, რისთვის ჩამოვიდნენ?! - ბიძინა ივანიშვილი

 საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აინტერესებს, რატომ არ გამოიწვია პროტესტი 2016 წელს, საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატების ვიზიტმა.

ამის შესახებ ივანიშვილმა 17 ივლისს განაცხადა ბათუმში, სადაც ჟურნალისტებმა ჰკითხეს, იყო თუ არა „ქართული ოცნების“ შეცდომა რუსი დეპუტატის, გავრილოვის ჩამოყვანა.

2016 წელს საქართველოში იმყოფებოდნენ რუსი დეპუტატები, სლუცკი, რომელიც გავრილოვზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურაა და, გვარს ვერ გავიხსენებ, „ფეესბეს“ ყოფილი თავმჯდომარე. კავალიოვი? აბა, თუ გამახსენებს ვინმე გვარს. სად იყავით მაშინ?!“ - უთხრა მედიას ივანიშვილმა.

შეკითხვას, რის გამო იმყოფებოდნენ, უპასუხა: „რა მნიშვნელობა აქვს რასთან დაკავშირებით იყვნენ. აი, ეს არის ის, რომ 2016 წელს კიდევ ჰქონდა „ნაციონალურ მოძრაობას“ იმედი, რომ არჩევნებით რამეს გააწყობდა. ეხლა დაკნინების პროცესი რომ მოხდა და გამორიცხულია, რომ არჩევნებით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ნებისმიერ საბაბს ეძებდნენ, რომ სიტუაცია აეყირავებინათ."

რუსეთის დუმის დეპუტატები, საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ სლუცკი და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლაი კოვალიოვი თბილისში 2016 წლის ივნისში იმყოფებოდნენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობის მიზნით.

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი თბილისში იმყოფებოდა 2019 წლის 20 ივნისს და მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან უძღვებოდა, რამაც საპროტესტო აქციები გამოიწვია.

რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად 20 ივნისს, პარლამენტთან მიმდინარე აქცია დაწყებიდან რამდენიმე საათში სამართალდამცავებმა სპეციალური საშუალებებით დაშალეს, რასაც წინ უძღოდა აქციაზე მყოფთა ნაწილის დაპირისპირება პოლიციასთან და მცდელობა, ძალით შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში.

20-21 ივნისს, რუსთაველის გამზირზე დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი. სამმა მხედველობა დაკარგა.