საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. გვინდა, ვიმეგობროთ და ვითანამშრომლოთ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაზეთ „არგუმენტი ი ფაქტისთან“ საუბრისას, სადაც მოქალაქეების მიერ გაგზავნილ კითხვებს უპასუხა. მათ შორის იყო კითხვა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებთან დაკავშირებითაც.
„ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობა საქართველოს შიდაპოლიტიკური საქმეა და რუსეთი მასში ჩარევას არ აპირებს. თუმცა, არ შეიძლება, არ გვაშფოთებდეს ქართული პოლიტიკური ელიტის ზოგიერთი რადიკალურად განწყობილი წარმომადგენელი, რომლებიც რუსოფობიური განწყობის გაძლიერებასა და ჩვენი ხალხების წაჩხუბებას ცდილობენ. ასეთი მოღვაწენი ნაკლებად ფიქრობენ იმ ზიანზე, რომელსაც საკუთარი ქმედებებით თავიანთ ქვეყანას აყენებენ“, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, ასეთი პირები არ ფიქრობენ თავიანთი ხალხის კეთილდღეობაზე, რაც დიდწილად რუსეთთან ეკონომიკური და ჰუმანიტარული კავშირების ხარისხზეა დამოკიდებული. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს მთავრობამ სწრაფად უნდა გააცნობიეროს, რომ ანტირუსული ისტერია ზიანის მომტანია.
„ბოლოს და ბოლოს, მნიშვნელოვანია თბილისში მთავრობამ საკუთარ თავში იპოვოს იმის ძალა, რომ ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეკომპანიის მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ სამარცხვინო გამოხტომა დაგმოს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.
მისივე თქმით, იმედი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ვითარებას დაასტაბილურებს და რუსების მიმართ „არსებულ საფრთხეებს“ აღკვეთს. სერგეი ლავროვის განმარტებით, თუ ეს ყველაფერი მოხდება, რუსეთის მიერ მიღებული ზომების გადახედვისთვის საჭირო პირობები შეიქნება, მათ შორის, ავიამიმოსვლასთან დაკავშირებულ აკრძალვაზე. „გვინდა, ვიმეგობროთ და ვითანამშრომლოთ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.