საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი.
თბილისის მერს, მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურ მდივანს კახი კალაძეს
ქალბატონო ეკა!
ბატონო კახი!
თქვენი წინამორბედები ორი დავითი - სერგეენკო და ნარმანია იყვნენ, რომლებიც ასევე ატარებდნენ სხვადასხვა რეფორმას ჯანდაცვის სამინისტროსა და დედაქალაქის მერიაში. ბევრმა მათგანმა არ გაამართლა და ისინი გაუქმდა, თუმცა საქინფორმი წინასწარ აფრთხილებდა ამის შესახებ და სთხოვდა, ქარისთვის არ გაეტანებინათ ქართველ გადასახადის გადამხდელთა ფული (მაგალითისთვის შეგახსენებთ თუნდაც რეცეპტების სისტემის ავბედით გამოცდილებას). თუმცა, წინამდებარე წერილის მიზანი თქვენ ორის მიერ დაწყებული რეფორმები კი არა, ახალი სერვისის შემოღების წინადადებაა, რომლის არარსებობაც მძლავრად ურტყამს მოქალაქეების ჯანმრთელობასა და ჯიბეს.
იცით თუ არა, რომ საქართველოში, ორი კომერციული სამსახურის გარდა, არ არსებობს საავადმყოფოში ავადმყოფის ტრანსპორტირების სერვისი? „სასწრაფო დახმარების“ ექიმებს არ შეუძლიათ - უარს ამბობენ ავადმყოფის საკაცით გადაყვანაზე „სასწრაფო დახმარების“ მანქანამდე და ამას, ჩვეულებრივ, მეზობლები აკეთებენ. და თუ ავადმყოფი მარტოხელაა, ვინ დაუძახებს მეზობლებს დასახმარებლად? ანდა, თუ სიახლოვეს საერთოდ არ არიან მეზობლები? როცა ყოველი წუთი ძვირფასია, ვინ დარეკავს კომერციულ სამსახურში, რომელიც წინასწარ, 1 საათით ადრე უნდა გამოიძახო? კომერციული სამსახურის მომსახურება 75-100 ლარი ღირს - და თუ ავადმყოფს ამდენი ფული არ აქვს? თუ მას საერთოდ არ შესწევს უნარი, საკუთარი ჰოსპიტალიზაციის ორგანიზება მოახდინოს?!
ქალბატონო მინისტრო!
ბატონო მერო!
ე. წ. ბირჟებზე დღე და ღამე დგანან უმუშევრები - ბრგე ბიჭები, რომლებიც მიზერულ ფასად - 20-30 ლარად თანახმა არიან ნებისმიერ ფიზიკურ სამუშაოზე. გამოყავით ეს ფული სახელმწიფო ან ქალაქის ბიუჯეტიდან, ჩარიცხეთ ისინი შტატში.
გარდა ამისა, „სასწრაფო დახმარების“ ავტომანქანების უმრავლესობამ, რომლებიც არ ჩერდება 24 საათის განმავლობაში, დიდი ხანია ამოწურა ყოველგვარი რესურსი: თითქმის არცერთ მათგანს არ უმუშავებს ამორტიზატორები, თხრილში ყოველი ჩავარდნისას ავადმყოფები ხტუნავენ და საკაციდან ცვივიან მოსახვევებში, როცა მძღოლი ჩქარობს მათ სტაციონარში მიყვანას და მაქსიმალურად მაღალი სიჩქარით მოძრაობს (რამდენადაც ეს შესაძლებელია თბილისურ საცობებში).
თუნდაც ეს რეფორმა რომ განახორციელოთ და „სასწრაფო დახმარებამ“ შეძლოს თავისი ფუნქციის - სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენის, ნამდვილად შესრულება - თქვენ მოქალაქეთა უდიდეს მადლიერებას დაიმსახურებთ.
პატივისცემით,
საქინფორმის რედაქცია