საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. სამების საკათედრო ტაძარში 59-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 564 ბავშვი გახდა. მათ ნათლობის მოწმობები და ჯვრები გადაეცათ.
ნათლობის დასრულების შემდეგ, ნათლულები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ პირადად დალოცა.
„ჩვენთან არს ღმერთი. გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს. ღვთის განგებით მოინათლა 500- ზე მეტი ბავშვი. ღმერთს შევთხოვ, წყალობა ღვთისა, მადლი ღვთისა, მუდამ მფარველობდეს მათ. დალოცვილი იყვნენ მონაწილენი, მათი მშობლები და ოჯახები“, – განაცხადა ილია მეორემ.
საყოველთაო ნათლობის იდეა სრულიად კათოლიკოს-პატრიარქს ეკუთვნის და მისი მიზანი ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა. ილია მეორე ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილებს ნათლავს.
პირველი საყოველთაო ნათლობა სამების ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქს უკვე 38 000-ზე მეტი ნათლული ჰყავს.