პუბლიკაციები
საქართველოს ლიდერებმა რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობების სტაბილიზაციისთვის მზაობა გამოაცხადეს, ანუ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება - საქინფორმი

 საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. აშშ შეშფოთებით უყურებდა იმ არაპროპორციულ ზომებს, რომლებსაც რუსეთის მთავრობა და დუმის წევრები განიხილავდნენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე საპასუხოდ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განუცხადა.

თუმცა მისი თქმით, ახლა როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ლიდერებმა გამოხატეს ორმხრივი ურთიერთობების დასტაბილურების მზადყოფნა.

ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, განაახლოს ფრენები საქართველოდან და საქართველოში, რადგან აქ მთელი მსოფლიოდან ტურისტებს მიესალმებიან და ისინი უსაფრთხოდ არიან.

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ვიცით, რომ სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

P. S. ელიზაბეთ რუდის მორიგ განცხადებაში თითქოსდა არაფერია ახალი - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ბოლო დღეების თავისივე „მორიგე“ მესიჯები გაიმეორა. ერთი წინადადების გარდა - საიდან აქვს მას ინფორმაცია, რომ საქართველოს ლიდერებმა, ისევე, როგორც რუსეთისამ, „მზაობა გამოხატეს ორმხრივი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად“? როდის განაცხადა ამის შესახებ ოფიციალურმა თბილისმა და რაში გამოიხატება ეს მზაობა? საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი რიტორიკა ხომ, რა სამწუხაროც არ უნდა იყოს ამის აღიარება, სრულებით არ შეცვლილა... ეგებ მათ მალულად მიანიჭეს უფლებამოსილება ამერიკული დიპმისიის ხელმძღვანელს საქართველოში, კრემლის წინაშე მათ ადვოკატად იქცეს? საკითხავი აი ეს არის...